პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

საჯარო დისკუსია „ქართული პოლიტიკური ემიგრაცია საფრანგეთში და ლევილის ქართველთა მამული“


20.08.2020

მიმდინარე წლის 18 აგვისტოს, ქალაქ თბილისში, საფრანგეთში საქართველოს დესპანმა გოჩა ჯავახიშვილმა მონაწილეობა მიიღო ქართულ-ფრანგული ურთიერთობებისადმი მიძღვნილ საჯარო დისკუსიაში, რომელიც სამოქალაქო პლატფორმა „სექტორი 3“-ის ორგანიზებით გაიმართა. დისკუსიის მთავარი თემა გახლდათ „ქართული პოლიტიკური ემიგრაცია საფრანგეთში და ლევილის ქართველთა მამული“.

ღონისძიების სტუმრებს საქართველოს დესპანი საფრანგეთის რესპუბლიკაში, მონაკოსა და იუნესკოში საქართველოს მუდმივ წარმომადგენლობაში ვრცლად ესაუბრა საფრანგეთში 1920-იანი წლების ქართული პოლიტიკური ემიგრაციის ისტორიაზე, ლევილის ქართველთა მამულის დაარსებისა და შემდგომში, მამულის საქართველოსთვის გადმოცემის საკითხებზე. დისკუსიის ფარგლებში, დესპანმა გოჩა ჯავახიშვილმა, ასევე, მიმოიხილა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის დროს საფრანგეთის, როგორც აღნიშნულ პერიოდში ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის, როლი და ჩართულობა საბრძოლო მოქმედებების შეჩერების, მათ შორის, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 6-პუნქტიანი შეთანხმების შედგენის პროცესში.

ღონისძიების მეორე ნაწილი კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. დისკუსიამ დამსწრე საზოგადოების დიდი ინტერესი გამოიწვია, მათ შორის, იმ ახალგაზრდებისა და სტუდენტების მხრიდან, რომლებიც სპეციალურად ღონისძიებაზე დასასწრებად საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოვიდნენ.

აღსანიშნავია, რომ დისკუსიის დასასრულს, ნიკო ნიკოლაძის საზოგადოების წარმომადგენელმა გიორგი ფარეშიშვილმა საქართველოს დესპანს, გოჩა ჯავახიშვილს, ქართულ-ფრანგული ურთიერთობების განვითარების საქმეში შეტანილი წვლილისათვის ნიკო ნიკოლაძის სახელობის მედალი გადასცა.

 

 

[ფოტო: "სექტორი 3"]