პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

საქართველოს მიმართულებით ფრენები, დამატებით, დაინიშნა მადრიდიდან და პრაღიდან


13.04.2020

13 აპრილს, უცხოეთში მყოფი თანამემამულეების სამშობლოში ეტაპობრივი დაბრუნების მიზნით, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედ საკოორდინაციო საბჭოზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება დამატებით კიდევ 2 ახალი რეისის დანიშვნაზე შემდეგი მიმართულებით: 30 აპრილი - მადრიდი - თბილისი, 2 მაისი - პრაღა - თბილისი.

როგორც ცნობილია საზოგადოებისთვის, აღნიშნული საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს მიმართულებით, უახლოეს პერიოდში, ფრენები ასევე შესრულდება ევროპის შემდეგი ქალაქებიდან:

• 14 აპრილი - ამსტერდამი - თბილისი;

• 16 აპრილი - პარიზი - თბილისი;

• 18 აპრილი - თელ-ავივი - თბილისი; 

•  21 აპრილი- რომი - თბილისი;

• 24 აპრილი - ბარსელონა - თბილისი;

• 27 აპრილი - ვარშავა - თბილისი.

„ჩვენ გარკვეული კრიტერიუმებით ვხელმძღვანელობდით საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების კუთხით და ამ კრიტერიუმებით ხელმძღვანელობა მომავალშიც გაგრძელდება. აღნიშნულ პროცესში უპირატესობა  მიენიჭებათ პირველ რიგში მოქალაქეებს, რომლებიც:

• ფლობდნენ საქართველოში დასაბრუნებელ ბილეთს და დაწესებული შეზღუდვების გამო ვერ შეძლეს გამომგზავრება;

•  ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის მქონე პირები;

•  ორსული ქალბატონები;

•  ხანდაზმული პირები;

• ოჯახები მცირეწლოვანი ბავშვებით;

• სტუდენტები, ვისაც შეუწყდათ სტიპენდია და დაფინანსება;

• პირები, ვინც ადგილსამყოფელ ქვეყანაში COVID-19 გავრცელების გამო, დარჩნენ თავშესაფრის და პირველადი საჭიროების შესაძლებლობების გარეშე;

• პირები, რომლებიც პირად საკუთრებაში ან საქართველოში ჩამოსაყვანად შეძენილი არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალებით მოემგზავრებოდნენ და სახმელეთო საზღვრების ჩაკეტვის გამო ვეღარ ახერხებენ გადაადგილებას“, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების ეფექტური ორგანიზების მიზნით, საქართველოში დაბრუნების სურვილის შემთხვევაში, მოქალაქემ უნდა შეავსოს ელექტრონული ფორმით სპეციალური განაცხადი, რომელიც გამოქვეყნებულია სამინისტროს ვებ-გვერდსა და საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ვებ-გვერდებზე. აღნიშნულ განაცხადში მოცემული მონაცემების დამუშავების შემდგომ მიღებული იქნება შესაბამისი გადაწყვეტილება.

ბრიფინგზე საგარეო საქმეთა მინისტრმა, აგრეთვე, ისაუბრა ერბილში, ერაყში საქართველოს გარდაცვლილი მოქალაქის გადმოსვენების საკითხზე. „განხორციელდება სპეცრეისი, გამომდინარე იქიდან, რომ სახმელეთო გზით გართულებულია გადაადგილება და ქვეყნებს დაკეტილი აქვთ სახმელეთო საზღვრები, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება აჭარის მთავრობასთან ერთად, რომ ჩვენი გარდაცვლილი მოქალაქე დაბრუნდეს სპეცრეისით და მასთან ერთად, ასევე, დაბრუნდებიან მისი ახლობლები, ნათესავები და ის ადამიანები, რომლებიც ვერ ახერხებენ ერბილიდან სამშობლოში დაბრუნებას“, - აღნიშნა მინისტრმა.

2020 წლის 13 აპრილის მონაცემებით, უცხოეთის სხვადასხვა ქვეყანაში საქართველოს დიპლომატიურმა წარმომადგენლობებმა ადგილზე დახმარება აღმოუჩინეს 4051 მოქალაქეს, ხოლო სამშობლოში - მთავრობის ხელშეწყობით - ორგანიზებულად დაბრუნდა საქართველოს 5540 მოქალაქე.