პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

სალვადორის უნივერსიტეტში საქართველოსადმი მიძღვნილი სემინარი გაიმართება


02.10.2023

5 ოქტომბერს, არგენტინაში საქართველოს საელჩოსა და სალვადორის უნივერსიტეტის ორგანიზებით, ამავე უნივერსიტეტის ფილოსოფიის, ისტორიის, ლიტერატურისა და აღმოსავლური სწავლებების ფაკულტეტზე გაიმართება საქართველოსადმი მიძღვნილი სემინარი, სახელწოდებით „ქართული სამყარო: ისტორია, ლიტერატურა, ხელოვნება“. აღსანიშნავია, რომ ღონისძიებას ბუენოს-აირესის საკრებულოს მიერ მიენიჭა „ეროვნული კულტურული ინტერესის“ სტატუსი.

ღონისძიება გაიხსნება ფილოსოფიის, ისტორიის, ლიტერატურისა და აღმოსავლური სწავლებების ფაკულტეტის დეკანის, დოქტორ ბერნანდო ხორხე ნანტესა და არგენტინაში საქართველოს ელჩის, გვარამ ხანდამიშვილის მიერ. დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართავს ბუენოს-აირესის საკრებულოს წევრი, მარსელო გოუმანი.

აუდიტორიის წინაშე, აკადემიური წრისა და ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები ისაუბრებენ შემდეგ თემებზე:

ქართველ-არგენტინელი ხელოვანი, დოქტორი გოჩა გაოზი: „საქართველო; ისტორიული, ლინგვისტური და კულტურული სამყარო“;

პროფესორი პაულო ბოტა: „საქართველო კავკასიის შესახებ კვლევებში: კლასიკური ქართველური (ქართული) კვლევებიდან საერთაშორისო პოლიტიკამდე“;

დოქტორი მარია დელ კარმენ მაგასი: „საქართველოს არტისტული სიმდიდრის აღმოჩენა. უძველესი ხანიდან თანამედროვეობამდე“;

ელენა ოლივერასი: „გოჩა გაიოზი. ნაწერები ლაბირინთებში“.