პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

სამშობლოში დაბრუნებული თანამემამულეების ფოტოისტორიები - "უთქმელი ამბები"


14.05.2020

პუბლიკაცია „უთქმელი ამბები - დაბრუნებული ქართველი მიგრანტების ფოტოისტორიები“ მოიცავს იმ ქართველი მიგრანტების ამბებს, რომლებიც საზღვარგარეთ ყოფნის შემდეგ საქართველოში დაბრუნდნენ და გაეროს სააგენტოს - მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM – UN Migration Agency) დახმარებით ცხოვრება თავიდან დაიწყეს.

აღნიშნულ პუბლიკაციაში სამშობლოში დაბრუნებული ჩვენი თანამოქალაქეები გვიზიარებენ თავიანთ გამოცდილებას მიგრაციისა და დაბრუნების შესახებ იმ იმედით, რომ შესაძლოა მათი ისტორიები ჩვენს სხვა თანამემამულეებს დაეხმაროს მიგრაციასთან დაკავშირებით გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღებაში ორივე შემთხვევაში, როდესაც ისინი ფიქრობენ სამშობლოში დაბრუნებაზე, ან პირიქით, გეგმავენ თავიანთი ქვეყნის დატოვებას.

„ეს არ გახლავთ უბრალოდ ისტორიები წარმატებისა თუ მარცხის შესახებ - მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ თითოეულ ისტორიას საფუძვლად უდევს ძლიერი ადამიანური ფაქტორი!“ - სანია ჩელებიჩ ლუკოვაც, გაეროს სააგენტოს - მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM – UN Migration Agency) საქართველოს მისიის ხელმძღვანელი.

 

ნელი გავაზელაშვილი 49 წლის/სოფელი ნაფარეული

პროფესიით ისტორიკოსი ვარ, უფრო სწორად, უკვე ყოფილი ისტორიკოსი. ამჟამად, საოჯახო სასტუმროს ბიზნესი მაქვს და ეს საქმე ძალიან მიყვარს, რადგან სულ სიახლეა გარშემო, ახალი ადამიანები ჩამოდიან, ახალი ისტორიებით. მიყვარს ადამიანები და მათთან ურთიერთობა, ჩემს სახლშიც რომ მოსწონთ ყოფნა, ეს დიდი ბედნიერებაა. ორი ზედმეტი ოთახი მქონდა სახლში და გადავწყვიტე, რაღაც ახალი დამეწყო. საქართველოში რომ დავბრუნდი და სამსახურის პოვნა გადავწყვიტე, ასაკის გამო ყველამ უარით გამისტუმრა. ათენში ვცხოვრობდი 10 წელი და, როგორც აქედან წასული ყველა ემიგრანტი, ბევრს ვმუშაობდი. თავიდან ფრანგების ოჯახში მოვხვდი და ორ პატარას ვუვლიდი, მერე მათივე მეგობრების ოჯახში აღმოვჩნდი. სულ ვამბობ, რომ ორი სამშობლო მაქვს. ძალიან მიყვარს საბერძნეთი, უამრავი რამ მასწავლა, თან ძალიან გამიმართლა, სულ კარგი ადამიანები მხვდებოდნენ.

მეტის ნახვა

თამარ მეზვრიშვილი 44 წლის/თბილისი

წავედი, რომ ჩემს შვილს არაფერი მოჰკლებოდა. პარიზში 4 წელი ვიცხოვრეთ, შემდეგ გადავწყვიტეთ გერმანიაში წასვლა და იქ ლტოლვილად ჩაბარება, უკეთესი პირობები არისო, ყველა ამას გვეუბნებოდა. თუმცა იქ ცხოვრება საშინლად მახსენდება. სამი სხვადასხვა ეროვნების ოჯახი ერთად ვცხოვრობდით საერთო საცხოვრებელში, სადაც ძალიან პატარა სივრცე იყო. 6 თვეა, რაც მე და გაბრიელი საქართველოში ჩამოვედით, ჩემი მეუღლე იქ დარჩა. ამ ეტაპზე წასვლაზე ნამდვილად არ ვფიქრობ, მეუღლეს სანახავად ჩავალ, რა თქმა უნდა, მაგრამ ცხოვრება აქ მინდა. IOM-ის დახმარებით საყოფაცხოვრებო ნივთები შევიძინეთ სახლისთვის. ძალიან დიდი დახმარება იყო ეს ჩემი ოჯახისთვის, იმიტომ, რომ ფაქტობრივად ცარიელ კედლებში შემოვედი და ახლა, რაც საჭიროა, ყველაფერი გვაქვს.

მეტის ნახვა

ლელი ფირცხალაიშვილი 60 წლის/ქუთაისი

პროფტექნიკუმი ერქვა მაშინ და იქ ვსწავლობდი, რომ მერე ფოსტაში მემუშავა. მერე რეზინის ქარხანაში ვიმუშავე 13 წელი, დეტალებს ვახარისხებდი, მაგრამ ესეც დაიხურა და დავრჩი უმუშევარი. ნათესავები მყავდა საბერძნეთში და მათი დახმარებით სამსახურიც ვიპოვე. თითქმის 7 წელი ათენში გავატარე, ხან ერთ ბებიას ვუვლიდი, ხან მეორეს. საზღვარგარეთაც პირველად ვიყავი, ძალიან გამიჭირდა ოჯახისგან ასე შორს ყოფნა, უცხო ქალაქში, უცხოენოვანი ადამიანების გარემოცვაში, მაგრამ რა უნდა მექნა, ხომ უნდა გვეცხოვრა? საბერძნეთში ძალიან ბევრი ქართველია და ყველა ცდილობს ერთმანეთს გვერდში დაუდგეს. კვირა დღე დასვენებისა გვქონდა და ერთად გავდიოდით ყავის დასალევად, სალაპარაკოდ და ხან უბრალოდ ერთად ვტიროდით. ახლა ქუთაისში მეორეული სამოსის ბიზნესი მაქვს და წასვლაზე ნამდვილად აღარ ვფიქრობ.

მეტის ნახვა

ინეზა დოლაბერიძე 60 წლის/სოფელი გეგუთი

ემიგრაციაში 15 წელი ვიყავი. პროფესიით ექთანი ვარ, მაგრამ ამ განხრით არასდროს მიმუშავია. ბანკის ვალი გვქონდა ძალიან დიდი. ოჯახის გადასარჩენად არჩევანი მიგრაციაში სამუშაოდ წასვლაზე შევაჩერე. 2003 წელს გავემგზავრე საბერძნეთში. ჩასვლიდან ზუსტად 6 დღეში ვიშოვე სამსახური და 11 წელი იმავე ოჯახში ვიმუშავე. 2012 წელს პირველად ჩამოვედი და 4 წელი საქართველოში ვიყავი. მე რომ მეგონა, ოჯახს ვაშენებდი, თურმე თავზე მენგრეოდა ყველაფერი და ისევ ჩემი გასაკეთებელი გახდა. შვილიშვილები მყავს უკვე და 2016-ში ისევ წავედი, მაგრამ უკვე ძალიან გამიჭირდა. ჩემი კუთხე მინდოდა, ყველაფერი მენატრებოდა და 2018-ში უკან ჩამოვედი. ჩამოტანილი ფულით და IOM-ის პროგრამის საშუალებით შევიძინე წიწილები. დიდი ფერმა გვაქვს, ქათმებს ვზრდით და ვყიდით, მაგრამ კიდევ გვინდა გაფართოება. მე მინდა სოფელში, ჩემს სახლში ყოფნა, არ შემიძლია მის გარეშე.

მეტის ნახვა