პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

შეხვედრა კორეის რესპუბლიკაში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებთან


03.02.2022

მიმდინარე წლის 3 თებერვალს, კორეის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს დანერგილი პრაქტიკის თანახმად, ელჩმა ოთარ ბერძენიშვილმა შეხვედრა გამართა კორეის რესპუბლიკაში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებთან. ადგილსამყოფელ ქვეყანაში პანდემიით გამოწვეული სირთულეებისა და დაწესებული შეზღუდვების გამო, შეხვედრა ამჯერადაც ვირტუალურ ფორმატში ჩატარდა.

ელჩმა საქართველოს მოქალაქეებთან განიხილა შემდეგი საკითხები: 2022 წელს კორეასა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების 30-ე წლისთავის აღნიშვნის მხრივ საელჩოს მიერ დაგეგმილ ღონისძიებებში მათი აქტიური ჩართულობისა და მონაწილეობის საკითხი, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გაიცვალა იდეები და მოსაზრებები; ასევე, ელჩმა ყურადღება გაამახვილა ადგილზე არსებული საერთაშორისო ფონდებიდან სტიპენდიის მოპოვების შესაძლებლობებზე, რომელიც საელჩოს შუამდგომლობით რამდენიმე წელია წარმატებით ხორციელდება; ოთარ ბერძენიშვილმა ისაუბრა პადნემიასთან დაკავშირებულ ვითარებაზე, დაწესებულ შეზღუდვებზე და ქვეყანაში შემოსვლისა და გასვლის წესებზე.

ამას გარდა, ელჩმა მოქალაქეებს მიაწოდა დეტალური ინფორმაცია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ მიმდინარე წლის 2 თებერვალს გამოცხადებული დიასპორული საგრანტო პროექტების შესახებ - „იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩი“, „დიასპორული ინიციატივების ხელშეწყობა“ და „უცხოეთში მოქმედი ქართული ცეკვისა და სიმღერის ანსამბლების მხარდაჭერა".

შეხვედრის დასკვნითი ნაწილი კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.