პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

თბილისში ჰოლანდიაში მოღვაწე ქართველი მწერლის, არჩილ ჯავახაძის წიგნის პრეზენტაცია გაიმართა


08.06.2019

ა.წ. 8 ივნისს, ქ. თბილისში, საგანმანათლებლო სივრცეში „სტამბის წიგნები“ გაიმართა ჰოლანდიაში მოღვაწე ქართველი მწერლისა და მთარგმნელის, არჩილ ჯავახაძის ახალი წიგნის - „ნიდერლანდების სამეფოს პრინცი ბერნარდი“ პრეზენტაცია.

წიგნში მკითხველი გაეცნობა ნიდერლანდების სამეფოს პრინც ბერნარდს, რომელსაც ურთიერთობა ჰქონდა მე-20 საუკუნის თითქმის ყველა ცნობილ პიროვნებასთან და რომელმაც უდიდესი წვლილი შეიტანა მსოფლიო პოლიტიკაში, აგრეთვე, ეკონომიკის, კულტურის, მეცნიერების განვითარებასა და ბუნების დაცვის საქმეში. წიგნში თხრობა დაფუძნებულია დოკუმენტურ მასალებზე და მასში აღწერილია ასევე პრინც ბერნარდის ახლო ურთიერთობა კავალერიის პოლკოვნიკ ალექსი ფანჩულიძესთან, რომელიც იყო მისი აღმზრდელი, მრჩეველი და მთელი ცხოვრების თანამგზავრი. არჩილ ჯავახაძის ახალი წიგნი გამომცემლობა „აზრმა“ გამოსცა.

აღსანიშნავია, რომ წიგნის ავტორი არჩილ ჯავახაძე გახლავთ იმ ქართველთაგან ერთ-ერთი, რომელსაც უდიდესი წვლილი მიუძღვის ჰოლანდიაში ქართული ლიტერატურისა და კულტურის პოპულარიზაციაში. სწორედ მან გამოსცა პირველი ქართულ-ნიდერლანდური და ნიდერლანდურ-ქართული ლექსიკონი. არჩილ ჯავახაძეს თარგმნილი და გამოცემული აქვს, აგრეთვე, ნიკოლას ვიტსენის ისტორიული ნაწარმოები, რომელიც მოგვითხრობს საქართველოს ისტორიის, ქართველთა ყოფისა და კულტურის შესახებ ანტიკური პერიოდიდან მე-17 საუკუნის ჩათვლით.

წიგნის პრეზენტაციას ესწრებოდნენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტის მრჩეველი გიორგი მერაბიშვილი, ლიტერატურისა და კულტურის სფეროს წარმომადგენლები, ასევე სხვა დაინტერესებული პირები.