პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ვანკუვერში ნოდარ ქუმარიტაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალი გაიხსნა


03.12.2020

 

კანადაში საქართველოს საელჩოსა და ბრიტანეთის კოლუმბიის ქართული დიასპორული ორგანიზაციის ერთობლივი ძალისხმევით, ვანკუვერის ცენტრალურ - სტენლის პარკში 2010 წლის ვანკუვერის ზამთრის ოლიმპიადის დროს ტრაგიკულად დაღუპული ქართველი სპორტსმენის, ნოდარ ქუმარიტაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალი გაიხსნა.

ვანკუვერის მერიის რეგულაციების შესაბამისად, ცნობილი ვანკუვერელებისადმი მიძღვნილი მემორიალების მსგავსად, სტენლის პარკში განთავსებულ ნოდარ ქუმარიტაშვილის მემორიალსაც სპეციალური სკვერის სკამის სახე აქვს, რომელზეც ნოდარისადმი მიძღვნილი წარწერაა გაკეთებული.

აღსანიშნავია, რომ ბოლო წლების განმავლობაში კანადაში საქართველოს საელჩო, ბრიტანეთის კოლუმბიის ქართულ დიასპორულ ორგანიზაციასთან ერთად, პატრონაჟს უწევს ნოდარ ქუმარიტაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებებსა და პროექტებს, რომლის მიზანია კანადის საზოგადოებას გააცნოს ნოდარ ქუმარიტაშვილის სახელი და კანადელ ხალხში გაზარდოს საქართველოს ცნობადობა.