პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ვილნიუსში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღინიშნა


26.05.2021

26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, ქალაქ ვილნიუსის ცენტრალურ „ლუკიშკიოს“ მოედანზე გაიშალა საქართველოს დროშა და საქართველოს დროით 17:10 საათზე (1918 წელს საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების დრო) შესრულდა საქართველოსა და ლიეტუვის ეროვნული ჰიმნები.

მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ლიეტუვის რესპუბლიკაში, ლევან ღვაჩლიანმა. გამოსვლისას, ელჩმა ისაუბრა საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების მნიშვნელობაზე, რომელმაც 103 წლის წინ სახელმწიფოში დემოკრატიული ღირებულებების დამკვიდრებას ჩაუყარა საფუძველი. მან ხაზი გაუსვა ქართველი ერის სულისკვეთებას დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისკენ სწრაფვაში, აგრეთვე, ყურადღება გაამახვილა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებსა და სირთულეებზე და აღნიშნულის მიუხედავად, საქართველოს მიღწევებზე. აღნიშნა, რომ მიუხედავად საქართველოს ტერიტორიების მიმდინარე ოკუპაციისა, ქვეყანამ შეძლო მნიშვნელოვანი დემოკრატიული რეფორმების განხორციელება, უპრეცედენტოდ გაიზარდა ევროკავშირთან ურთიერთობების ინტენსიურობა და ქვეყანამ განიცადა მნიშვნელოვანი პროგრესი ნატო-ში გაწევრიანების კუთხით.

ლევან ღვაჩლიანმა ისაუბრა, აგრეთვე, საქართველოსა და ლიეტუვას შორის ისტორიულად ჩამოყალიბებულ გამორჩეულ ურთიერთობებზე, რომელსაც ქართველ და ლიეტუველ ხალხთა შორის არსებული სამაგალითო მეგობრობა ამყარებს.

საქართველოს ელჩმა მადლობა გადაუხადა ლიეტუვურ მხარეს, წლების განმავლობაში, მტკიცე და ურყევი მხარდაჭერისთვის, როგორც საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე ლიეტუვის მხრიდან გამოცდილების გაზიარებისა და დახმარებისათვის.

ღონისძიებას ესწრებოდნენ ლიეტუვის რესპუბლიკის მთავრობის, პარლამენტის, სახელმწიფო უწყებებისა, ლიეტუვაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, ქართული დიასპორის, ასევე, მედიის წარმომადგენლები.

ღონისძიების ფარგლებში, ამავე მოედანზე, ღია ცის ქვეშ ორგანიზებულ იქნა ფოტო-გამოფენა 1989 წლის 9 აპრილის, ასევე, 1991 წლის რეფერენდუმისა და დამოუკიდებლობის აღდგენის თემატიკაზე.

დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, სპეციალურად დამზადდა მაისურები საქართველოს რუკის გამოსახულებით, რომლითაც შეიმოსნენ ღონისძიებაში მონაწილე ქართველი და ლიეტუველი ახალგაზრდები. ამასთან, ჰიმნების დასრულების შემდეგ, ღონისძიების მონაწილეებმა სიმბოლურად ცაში ეროვნული დროშის ფერების საჰაერო ბუშტები გაუშვეს.