პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ვლადიმერ კონსტანტინიდის შეხვედრა საბერძნეთში არსებული დიასპორული ორგანიზაციების წარმომადგენლებთან


18.09.2020

17 სექტემბერს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვლადიმერ კონსტანტინიდმა ონლაინ ფორმატში შეხვედრა გამართა საბერძნეთის რესპუბლიკაში მოქმედი ქართული დიასპორული ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან და წარმომადგენლებთან.

შეხვედრაზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა ქართული დიასპორის მნიშვნელოვან როლზე საზღვარგარეთ ეროვნული და კულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნების, საქართველოს პოპულარიზაციისა და ქვეყნის პოზიტიური იმიჯის წარმოჩენის საქმეში. მან აღნიშნა, რომ დიასპორასთან ურთიერთობა საქართველოს მთავრობისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა. 

ვლადიმერ კონსტანტინიდმა მადლობა გადაუხადა დიასპორულ ორგანიზაციებს პანდემიის დროს რთულ მდგომარეობაში მყოფი ჩვენი ემიგრანტებისთვის გაწეული უდიდესი დახმარებისთვის. მან აღინიშნა, რომ ქართული დიასპორული ორგანიზაციები, ადგილსამყოფელ ქვეყნებში ერთიანი სულისკვეთებით გაერთიანებულნი, ცდილობდნენ  ადამიანური და მატერიალური რესურსების მაქსიმალურ მობილიზებას, თანამემამულეთა სოციალური თუ ეკონომიკური სიძნელეების დასაძლევად. 

მინისტრის მოადგილემ დიასპორის წარმომადგენლებს, ასევე, გააცნო გლობალური პანდემიის დროს უცხოეთში მყოფი თანამემამულეების დახმარების კუთხით საქართველოს სახელმწიფოს მიერ გადადგმული ნაბიჯები. მან წარადგინა ამ მიმართულებით სამინისტროს საქმიანობის ანგარიში და ასევე საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიის "JMP Strategic Solutions”-ის მიერ ჩატარებული სოციოლოგიური კვლევის შედეგები. 

თავის მხრივ, შეხვედრაზე დიასპორული ორგანიზაციის წარმომადგენლებმა ისაუბრეს დიასპორის წინაშე არსებულ პრობლემებზე და ზოგადად, COVID-19-ით გამოწვეულ იმ სირთულეებზე, რომლებთან გამკლავებაც უწევთ დღეს ორგანიზაციებს. დიასპორული ორგანიზაციის ხელმძღვანელებმა განსაკუთრებულად აღნიშნეს, რომ პანდემიის დროს, საბერძნეთში საქართველოს საელჩოსა და თესალონიკში გენერალური საკონსულოს მიერ და ზოგადად, საქართველოს ხელისუფლების მხრიდან საბერძნეთში მყოფი თანამემამულეებისთვის გაწეული დახმარება იყო ძალზედ მნიშვნელოვანი და ეფექტური.

შეხვედრის დასასრულს, მინისტრის მოადგილე ვლადიმერ კონსტანტინდმა ხაზგასმით აღინიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება  ხედავს და დიდად აფასებს უცხოეთში მოქმედი დიასპორული ორგანიზაციების საქმიანობას. საგარეო საქმეთა სამინისტროს  პრიორიტეტია საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების უფლებებისა და ინტერესების დაცვა; კვლავაც განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ეროვნული და კულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნებას და განათლების საკითხებს; გაგრძელდება საკვირაო სკოლების მხარდაჭერის პროგრამა; საკვირაო სკოლების პედაგოგების კვალიფიკაციის ამაღლებისა და მათი გადამზადების მიზნით შემუშავდება სპეციალური პროგრამა, რომლის ფარგლებში მასწავლებელთათვის გაიმართება ტრენინგები; ასევე, გაგრძელდება პოსტკრიზისულ პერიოდში ქართული დიასპორის მხარდამჭერი პროგრამების განხორციელება.  

შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორი მუხრან გულაღაშვილი და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საბერძნეთის რესპუბლიკაში დავით დონდუა და ქ. თესლონიკში საკონსულო დაწესებულების ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი გოჩა გოჩაშვილი.

შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო საბერძნეთში მოქმედმა 17 დიასპორული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა და წარმომადგენელმა. კერძოდ, ავთანდილ მიქაბერიძე; ირინა მათურელი - განათლებისა და კულტურის ცენტრი ,,კავკასია’’ - ქ. ათენი; დარეჯან ღამბაშიძე - ემიგრანტთა კავშირი სათვისტომო “იბერია“ - ქ. ათენი; ხათუნა (ხატია) ქარსაულიძე - ბერძნულ-ქართველ კულტურული ასოციაცია - ქ. ათენი; ნანა ფერაძე - ქართული დიასპორის საზოგადოებრივი ცენტრი - ქ. ათენი; ირმა ქავთარაძე - „ქართველ ქალთა კავშირი“ - ქ. ათენი; თამარ სამხარაძე - ქართულ-ბერძნული თეატრალური კულტურული ორგანიზაცია "დიონისე" - ქ. ათენი; ნატალია  კაპანაძე - არასამთავრობო ორგანიზაცია "ივერიონი" - ქ. ათენი; ნინო ახვლედიანი - ქართული საბავშვო თოჯინების თეატრი "ბაბილინა" - ქ. ათენი; შორენა მჭედლიძე - ქართულ-ბერძნული კულტურული და საზოგადოებრივი ურთიერთობის ცენტრი „პეგასი მერანი“ - ქ. ათენი; ბექა  ბექაური - საინფორმაციო ვებგვერდი: www.Georgians.gr - ქ. ათენი; ავთანდილ გიუნაშვილი - საინფორმაციო ვებგვერდი:  www.diaspora.ge -  ქ. ათენი; მალხაზ რაზმაძე, ხათუნა ბალახაშვილი - ქართული თეატრალური დასი - ქ. თესალონიკი; ბექა ჟამურელი -  წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიასთან არსებული ცეკვის ანსამბლი "ლომისი" - ქ. თესალონიკი; ნანა ჩხაიძე, მარინა ავაზაშვილი - საზოგადოება "კერია" - ქ. თესალონიკი; ქეთი გონგლაძე - ქართველ ემიგრანტთა მსოფლიო ლიგის წარმომადგენელი ქ. თესალონიკში; ლუიზა  ტალახაძე - ლიტერატურული საზოგადოება "ქართული სული" - ქ. თესალონიკი; ლიანე პაპიძე -  სათვისტომო „ქართველები ლასიტის ოლქიდან“, ქ. აგიოს ნიკოლაოსი, კრეტა.

ცნობისთვის, მსგავსი ონლაინ სამუშაო შეხვედრა, რომელიც უკვე გაიმართა იტალიაში მოქმედი ქართული დიასპორული ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან, ასევე, გაგრძელდება მომავალში.