პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში
კაცხი - სოფელი საქართველოში, იმერეთის მხარის ჭიათურის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს ზემო იმერეთში. სოფელი განლაგებულია მდინარე კაცხურის ორივე მხარეს. სოფელი კაცხი წარმოადგენს ადმინისტრაციული ერთეულის ცენტრს. ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი სოფლებია: კაცხი, დიდი კაცხი, ეწერი, მორძგვეთი, ნავარძეთი, სალიეთი, ჯოყოეთი. მდებარეობს ზღვის დონიდან 610 მეტრზე, ჭიათურიდან 11 კილომეტრში. სოფელ კაცხს შუაზე კვეთს ცენტრალური საავტომობილო გზის გომი-ზესტაფონის მონაკვეთი. უახლოესი რკინიგზის სადგურია სალიეთი (2.5 კმ) და თირი (3 კმ). ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტამდე მანძილია 70 კმ.
სოფელი ისტორიულ წყაროებში მოხსენიებულია XI საუკუნის გვიანდელი ფეოდალური ხანის წყაროებში. „კაცხის ციხე“ თავდაპირველად სამეფო ხელისუფლებას ექვემდებარებოდა, XVII საუკუნის 60-იანი წლებიდან აბაშიძეთა ფეოდალურ საგვარეულოს, XVIII საუკუნის 50-იანი წლებიდან კი კვლავ სამეფო ხელისუფლების გამგებლობაში იყო. ციხის ნანგრევები დღესაც შემორჩენილია მდ. კაცხურის მარჯვენა სანაპიროზე.
სოფელში მდებარეობს ცნობილი კაცხის სვეტი, რომელიც ჭიათურის სიმბოლოდ არის მიჩნეული. „კაცხის სვეტი“ ტექტონიკური ძვრების შედეგად წარმოქმნილ კლდოვან მასას წარმოადგენს, რომლის სიმაღლე 40-45 მეტრია, ხოლო თხემის ზედაპირი დაახლოებით 150 კვ/მ-ს შეადგენს. მასზე ასვლა მხოლოდ ვიწრო რკინის კიბითაა შესაძლებელი. 131 საფეხურიან კიბეზე ასვლას დაახლოებით 20 წუთი სჭირდება. კაცხის სვეტზე ქალები არ დაიშვებიან. სვეტზე პირველი მესვეტე სავარაუდოდ VII-VIII საუკუნეებში ავიდა. კაცხის სვეტზე აშენებულია ბაზილიკის ტიპის ეკლესია.
სოფლის ცენტრში აღმართულია ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი - მაცხოვრის სახელობის ტაძარი (1010 – 1014 წწ), რომელიც აშენებულია ბაღვაშების მიერ. აქვეა დაკრძალული საქართველოში ერთ-ერთი ძლიერი ფეოდალი - ლიპარიტ IV ბაღვაში.
კაცხის ტერიტორიაზე მდებარეობს „კაცხურის ხეობა“, რომელიც დაფარულია უნიკალური ჯიშის ხეებით, კერძოდ კოლხური ბზით.
კაცხის მიდამოებშია კვარციანი ქვიშის კარიერი. კვარცული ქვიშა გამოიყენება მშენებლობაში, ასევე რკინიგზის ფუნქციონირებისათვის.
2014 წლის აღწერის მონაცემებით, სოფელში ცხოვრობდა 403 ადამიანი.
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
2002 | 756 | 357 | 399 |
2014 | 403 | 190 | 213 |
2019 წლის მდგომარეობით სოფელ კაცხში ცხოვრობს დაახლოებით 550 ადამიანი.
სოფელ კაცხში არის საჯარო სკოლა, საბავშვო ბაღი, ამბულატორია, ბიბლიოთეკა, ვიზიტორთა მომსახურების ცენტრი.
სოფელი ელექტროფიცირებულია, არსებობს 24-საათიანი წყალმომარაგების სისტემა. სოფლის ცენტრალური გზა ასფალტირებულია, მიმდინარეობს შიდა გზების მობეტონება. სოფელში ფუნქციონირებს რამოდენიმე საოჯახო ტიპის სასტუმრო, რესტორანი და სწრაფი კვების ობიექტები.