პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში
ქვედა კინჩხა - სოფელი საქართველოში, იმერეთის მხარის ხონის მუნიციპალიტეტში კინჩხის ადმინისტრაციულ ერთეულში, ზღვის დონიდან 850მ-ზე, მდინარე ოკაცეს მარჯვენა ნაპირზე. ქალაქ ხონიდან დაშორებულია 27 კმ. სოფელი შედის კინჩხის ადმინისტრაციულ ერთეულში ოთხ სხვა სოფელთან ერთად (ზედა კინჩხა, კინჩხაფერი, საწისქვილო, რონდიში). სოფლიდან 2 კმ-ში მდებარეობს ხონი-ქუთაისის ცენტრალური საავტომობილო გზა, 30 კმ-ში - რკინიგზის უახლოესი სადგური „ქუთაისი“, 45 კმ-ში - ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი.
სოფელ კინჩხაფერდში მდებარე ოკაცეს კანიონი და ოკაცეს ჩანჩქერი მიეკუთვნება დაცულ ტერიტორიებს.
სოფელში არის რამდენიმე გამოქვაბული და მღვიმე: „წმინდალიანის გამოქვაბული“, „კლდეიდას მღვიმე“, „ღვალბაჯანის გამოქვაბული“. სოფელში მიკვლეულია ძველი ლითონსადნობების ნაშთები. ნაპოვნია ანტიკური ხანის ოქროს ფული.
ისტორიული ძეგლებიდან შემორჩენილია შუა საუკუნეების ნაქალაქარი კიბულა, სადაც აღმოჩენილია სამლოცველო-სამსხვერპლო, ეკვდერი, ჯვრის ტიპი სამარხ-სარკოფაგები. ასევე სოფლის ტერიტორიაზეა წმინდა გიორგის ეკლესია, ტარეშის ეკლესია და აკლდამა (შუა საუკუნეები), მაცხოვრის ეკლესია (გვიანი შუა საუკუნეები).
სოფელ რონდიშის გარდა ყველა სოფელს მინიჭებული აქვს მაღალმთიანი დასახლების სტატუსი რაც ნიშნავს, რომ ეს სოფლები სარგებლობენ გარკვეული ეკონომიკური და სოციალური შეღავათებითა და პრივილეგიებით (ამის შესახებ იხ. საქართველოს კანონი „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“.
2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფ. ქვედა კინჩხაში ცხოვრობს 73 ადამიანი.
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
2002 | 143 | 76 | 67 |
2014 | 73 | 46 | 27 |
კინჩხის ადმინისტრაციულ ცენტრში ფუნქციონირებს სკოლა, ამბულატორია და ბიბლიოთეკა.
სოფელი ელექტროფიცირებულია. მოსახლეობა მოიხმარს ბუნებრივ წყაროებს, რომლებიც ინდივიდუალურად აქვთ მიყვანილი სახლამდე. სოფლის ცენტრალური გზა მოასფალტებულია, შიდა გზების მობეტონებულია.