პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

14 აპრილი - დედაენის დღე


12.04.2024

ძვირფასო თანამემამულეებო,

14 აპრილი დედაენის დღეა. 1978 წლის 14 აპრილს, რუსთაველის გამზირზე შეკრებილმა უამრავმა ადამიანმა სიცოცხლის რისკის ფასად დაიცვა ქართული ენა – ჩვენი თვითმყოფადობისა და იდენტობის საფუძველი.

დღესაც, ისევე როგორც 1978 წლის 14 აპრილს, გვწამს და გვჯერა, რომ ჩვენს მშობლიურ ენას განსაკუთრებული დაცვა და გაფრთხილება სჭირდება. ეს კარგად აქვს გაცნობიერებული ქართულ დიასპორას, რომელიც საზღვარგარეთ მოქმედ ქართულ საგანმანათლებლო და კულტურულ კერებში მოღვაწეობით ძალისხმევას არ იშურებს მშობლიური ენის შესანარჩუნებლად, ენის, რომელიც იუნესკოს მიერ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად იქნა აღიარებული.

მადლობას გიხდით იმ ფასდაუდებელი წვლილისათვის, რომელიც შეგაქვთ ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის უმნიშვნელოვანესი ძეგლის, მშობლიური ენის მოსაფრთხილებლად და შესანარჩუნებლად, რაც ჩვენი დამოუკიდებლობის, თვითმყოფადობისა და ცნობიერების  მძლავრი ფუნდამენტია.  

“სამი ღვთაებრივი საუნჯე დაგვრჩა ჩვენ მამა-პაპათაგან: მამული, ენა, სარწმუნოება. თუ ამათ არ ვუპატრონეთ, რა კაცები ვიქნებით, რა პასუხს გავსცემთ შთამომავლობას?… სხვისა არ ვიცით და ჩვენ კი მშობელ მამასაც არ დავუთმობდით ჩვენ მშობლიურ ენის მიწასთან გასწორებას... ენა საღმრთო რამ არის, საზოგადო საკუთრებაა, მაგას კაცი ცოდვილის ხელით არ უნდა შეეხოს” - წერდა ილია ჭავჭავაძე. 

სწორედ ქართული ენით შეკავშირებულმა ერმა შექმნა ჩვენი თვითმყოფადი, უკვდავი კულტურა და ხელოვნება, ქართული ენის სიყვარულმა, მისი დაცვისთვის ბრძოლამ მოგვიყვანა დღევანდელ დღემდე. დედაენის გარეშე გაზრდილი ადამიანი შორდება საკუთარ კულტურას, ტრადიციას და ვერც სხვის კულტურას ეზიარება სრულყოფილად. დედაენის სიყვარულით გაზრდილი მოზარდი თაობა, სადაც არ უნდა იზრდებოდეს, არასოდეს მოშორდება საკუთარ ფესვებს, კულტურას, ტრადიციას და მშობლიური ენის ცოდნითა და პოპულარიზაციით საუკეთესოდ წარმოაჩენს მას მსოფლიო კულტურათა შორის, მით უფრო ახლა, ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის  ამ ნიშვნელოვან გზაზე.     

გილოცავთ დედაენის დღეს, ვუსურვებ ჩვენს ერს და ჩვენს ქართულ დიასპორას, არასოდეს დაეკარგოს უძველესი და უმდიდრესი ქართული ენა!

 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო