პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

დიასპორის ფორუმი - ძლიერი დიასპორა ერთიანი საქართველოსთვის

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ყოველწლიურად ახორციელებს დიასპორის ფორუმს სახელწოდებით „ძლიერი დიასპორა ერთიანი საქართველოსთვის“. ფორუმი მიზნად ისახავს უცხოეთში მცხოვრებ თანამემულეებთან თანამშრომლობის გაღრმავებას, სამშობლოსთან მათი მჭიდრო კავშირის უზრუნველყოფას, დიასპორის წარმომადგენლების აქტიურ ჩართვას ქვეყნის აღმშენებლობის პროცესში და დიასპორის წინაშე არსებული პრობლემების გადაჭრის ერთობლივი გზების ძიებას.

მასშტაბური სახის ყოველწლიურ ფორუმში მონაწილეობას იღებენ საზღვარგარეთ მოქმედი დიასპორული ორგანიზაციების ხელმძღვანელები, უცხოეთში სხვადასხვა სფეროში მოღვაწე თანამემამულეები, საქართველოს მთავრობის, აკადემიური წრეების, ბიზნესის, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

ფორუმის ფარგლებში, ღონისძიების მონაწილეებს ხვდებიან საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებელო ხელისუფლების წარმომადგენლები და იმართება  ვიწრო თემატური შეხვედრები განათლების, კულტურის, ბიზნეს კავშირების განვითარებისა და სახალხო დიპლომატიის მიმართულებით.

აღნიშნული ფორუმის საშუალებით, დიასპორის წარმომადგენლებს ეძლევათ შესაძლებლობა წარმოადგინონ საკუთარი ხედვები მათ მიერ შერჩეულ  პრიორიტეტულ მიმართულებასთან დაკავშირებით და შეხვედრის სხვა მონაწილეებს გაუზიარონ საკუთარი პროფესიული გამოცდილება. აღსანიშნავია, რომ თემატურ ჯგუფებში გამოთქმული მოსაზრებები ასახვას ჰპოვებს იმ ცალკეული ღონისძიებების, პროგრამებისა თუ პროექტების დაგეგმვაში, რომლებიც სახელმწიფოს მხრიდან სამომავლოდ განხორციელდება.

ფორუმის ფარგლებში ასევე იმართება სხვადასხვა სახის კულტურული ღონისძიებები.

 

ქართული დიასპორა საქართველოს ევროპული მომავლისთვის

2022 წლის 27 მაისს,. თბილისში, საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით, დიასპორის დღისადმი მიძღვნილი ფორუმი - “ქართული დიასპორა საქართველოს ევროპული მომავლისათვის" გაიმართა. ღონისძიების ოფიციალური ნაწილი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა გახსნა

ილია დარჩიაშვილის მიმართვა დიასპორის ფორუმზე, შეგიძლიათ გაეცნოთ აქ (დააჭირეთ აქ).

ფორუმზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებმა.

ღონისძიების ჩანაწერის სანახავად ეწვიეთ ბმულს:

https://bit.ly/3LXhMin 

დიასპორის დღისადმი მიძღვნილი ფორუმის გახსნითი ნაწილის შემდეგ, გაიმართა თემატური შეხვედრები განათლების, კულტურის, ეკონომიკის განვითარებისა და ციფრული დიპლომატიის საკითხებზე. თემატური  პანელის - „ქართული ენის კონფერენციაფარგლებში, მომხსენებლებმა ისაუბრეს საზღვარგარეთ ქართული ენის სწავლებასთან დაკავშირებულ საკითხებსა და მისი გაუმჯობესების გზებზე, არსებულ გამოწვევებზე, ასევე, უცხოეთში სწავლის სპეციფიკის გათვალისწინებით, საკვირაო სკოლებისთვის შემუშავებული სახელმძღვანელოების დახვეწისა და სრულყოფის საჭიროებებზე. პანელს მოდერაცია გაუწია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ, ნუნუ მიცკევიჩმა.  

პანელზე - "ეკონომიკა და ბიზნესი - ქართული დიასპორა ქვეყნის განვითარებისთვის“, რომელსაც მოდერაციას გაუწია საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე ხვთისიაშვილმა, მონაწილეებმა განიხილეს საქართველოს სამეწარმეო და საინვესტიციო გარემოს, ბიზნესის მხარდამჭერ ეროვნულ და საერთაშორისო პროგრამებს, ასევე საზღვარგარეთ მყოფი თანამემამულეების პროფესიული გამოცდილებისა და პოტენციალის ქვეყნის სასიკეთოდ გამოყენების გზებს.

დამატებითი ინფორმაცია პანელური დისკუსიების შესახებ, იხილეთ აქ (დააჭირეთ აქ).

თემატური პანელისკულტურული დიპლომატია" ფარგლებში, რომელსაც მოდერაცია გაუწია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსმა, შორენა ციცაგმა, ყურადღება დაეთმო კულტურულ დიპლომატიაში ქართული დიასპორის განსაკუთრებულ როლს, აგრეთვე, ქვეყნის მდიდარი შემოქმედებითი პოტენციალის საერთაშორისო აღიარების, ცნობადობის გაზრდისა და ქართული კულტურის პოპულარიზაციის პროცესში საზღვარგარეთ მცხოვრები ჩვენი თანამემამულეების წვლილს.

პანელზე - "ციფრული დიასპორა" მომხსენებლები განიხილავდნენ იმ ინოვაციურ მიდგომებს და ახალ ტექნოლოგიებს, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი ხდება დიასპორასთან მდგრადი თანამშრომლობა და უწყვეტი კომუნიკაცია. საუბარი შეეხო სოციალური მედიის, დიასპორის ციფრული ინიციატივების, დიასპორული პორტალებისა და ბლოგების გამოყენების მნიშვნელობას ქვეყნის პოპულარიზაციისა და პოზიტიური იმიჯის განმტკიცების საქმეში. ასევე საქართველოს, როგორც ევროპული ღირებულებებისა და ევროპული კულტურის ქვეყნის შესახებ ფართო საზოგადოებრივი აზრის შექმნის შესაძლებლობებს. პანელს მოდერაცია გაუწია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის დირექტორმა ვეკა მოდებაძემ.

ასევე, ღონისძიების ფარგლებში, დიასპორული პროგრამის - "იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩი" მონაწილეთათვის გაიმართა ტრენინგი ციფრული კომუნიკაციების შესახებ.

დამატებითი ინფორმაცია პანელური დისკუსიების შესახებ, იხილეთ აქ (დააჭირეთ აქ).

 

                                                                         

 

 

[დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტს შემდეგ ელ-ფოსტაზე: [email protected]]

 

სასარგებლო ბმულები