პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

სამეცნიერო გრანტები

უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებს, რომლებიც მოღვაწეობენ კვლევით-სამეცნიერო სფეროში, აქვთ შესაძლებლობა ჩაერთონ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის პროგრამებში. აღნიშნული ფონდი ხელს უწყობს მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სისტემის განვითარებას საქართველოში. იგი ახორციელებს სახელმწიფო საგრანტო კონკურსებს და ჩართულია საერთაშორისო სამეცნიერო ქსელებსა და ერთობლივ ინიციატივებში. იხილეთ ფონდის ის სამეცნიერო საგრანტო კონკურსები, რომლებშიც მონაწილეობის მიღება, სხვადასხვა სტატუსით, შეუძლიათ საზღვარგარეთ მყოფ თანამემამულე მეცნიერ-მკვლევარებს:

"კვლევები უცხოეთში მოღვაწე თანამემამულეთა თანამონაწილეობით" - ყოველწლიურ საგრანტო პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ  უცხოეთის უნივერსიტეტებში, სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტებში, დამოუკიდებელ კვლევით ცენტრებში მოღვაწე წარმატებულ ქართველ მეცნიერებს, ასევე საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, სამეცნიერო - კვლევით ინსტიტუტებსა და დამოუკიდებელ კვლევით ცენტრებში მოღვაწე მეცნიერებს. პროგრამის მიზანია უცხოეთში მოღვაწე წარმატებულ თანამემამულე მეცნიერებთან საქართველოს სამეცნიერო კადრების მჭიდრო, პროფესიული ურთიერთობების დამყარება, მათი ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება და ერთობლივი ინოვაციური კვლევითი პროექტების დაფინანსების გზით, ორმხრივად ნაყოფიერი თანამშრომლობის ჩამოყალიბებისათვის სტიმულის მიცემა და სამშობლოში დაბრუნების მსურველ თანამემამულე მეცნიერთა საქართველოს კვლევით სივრცეში ადაპტირების ხელშეწყობა. პროგრამის მნიშვნელოვანი კომპონენტია ახალგაზრდა მკვლევართა ჩართვა სამეცნიერო პროექტებში. იხილეთ მეტი

"საზღვარგარეთ არსებული ქართული მატერიალური და სულიერი მემკვიდრეობის კვლევა" - ყოველწლიური კონკურსის მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ არსებული ქართული ისტორიული ძეგლების, კულტურული მემკვიდრეობის ნიმუშების, წერილობითი და სხვა სახის წყაროების, საარქივო მასალის, ეთნოგრაფიული მონაცემების მაღალ სამეცნიერო დონეზე შესწავლას, მათ მოძიებას, აღრიცხვასა და სისტემატიზაციას, ქართველი ერის ინტელექტუალური და ნივთიერი მემკვიდრეობის კვლევის პოპულარიზაციას და ახალგაზრდა სამეცნიერო კადრების მოზიდვას ამ სფეროში. კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ როგორც საქართველოს მოქალაქეობის მქონე მეცნიერებს, მათ შორის საზღვარგარეთ მცხოვრებ ჩვენს თანამემამულე მეცნიერებს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეებს. უცხო ქვეყნის მოქალაქეობის ქონის შემთხვევაში, მკვლევარს უფლება აქვს იყოს კვლევითი პროექტის ძირითადი პერსონალი, პროექტის ხელმძღვანელი და მიიღოს საგრანტო დაფინანსება პროექტის წამყვანი ორგანიზაციის (საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებული იურიდიული პირი) გავლით. იხილეთ მეტი

"საქართველოს შემსწავლელი კვლევების მიზნობრივი კონფერენციები" - ყოველწლიურ საგრანტო პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ როგორც საქართველოს მოქალაქეობის მქონე პირებს, მათ შორის საზღვარგარეთ მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეებს. პროგრამის მიზანია ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენციების დაფინანსება საქართველოს შემსწავლელი კვლევების პოპულარიზაციისა და საერთაშორისო სამეცნიერო ასპარეზზე წარდგენისათვის, საქართველოს შემსწავლელი მიმართულებების განვითარებისა და კვლევების საერთაშორისო სტანდარტებით განხორციელების ხელშეწყობა, საერთაშორისო თანამშრომლობის წახალისება. საკონკურსო პროექტების წარდგენა შესაძლებელია ქართველოლოგიისა და საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებების ნებისმიერი მიმართულებიდან. იხილეთ მეტი

"ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსი" - მიზანია ახალი ცოდნის შექმნა, ახალი იდეებისა და კონცეფციების, მოვლენებისა და ფაქტების თეორიული და ექსპერიმენტული შესწავლა-ანალიზი. დასაფინანსებელ კვლევას არ მოეთხოვება უშუალო კომერციული სარგებლიანობა, თუმცა გრძელვადიან პერსპექტივაში უნდა წარმოადგენდეს სოციალურ-პოლიტიკური, საზოგადოებრივი, კულტურული ან/და ტექნიკური პროგრესის საფუძველს. საგრანტო კონკურსი ასევე ხელს უწყობს ახალგაზრდა მეცნიერთა სამეცნიერო პოტენციალის ზრდას მათი ჩართვით კვლევაში. კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ როგორც საქართველოს მოქალაქეობის მქონე მეცნიერებს, მათ შორის საზღვარგარეთ მცხოვრებ ჩვენს თანამემამულე მეცნიერებს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეებს. უცხო ქვეყნის მოქალაქეობის ქონის შემთხვევაში, მკვლევარს უფლება აქვს იყოს კვლევითი პროექტის ძირითადი პერსონალი, პროექტის ხელმძღვანელი და მიიღოს საგრანტო დაფინანსება პროექტის წამყვანი ორგანიზაციის (საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებული იურიდიული პირი) გავლით. იხილეთ მეტი

შ. რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ჯილდო წლის საუკეთესო მეცნიერისა და მეცნიერთა ჯგუფისათვის - გულისხმობს ფონდის მიერ ერთჯერადი ჯილდოთი მეცნიერის/კვლევითი ჯგუფის დაჯილდოებას მეცნიერებასა და ტექნოლოგიებში განსაკუთრებული მიღწევებისა და წვლილისათვის. კონკურსის მიზანია საქართველოსა და საერთაშორისო მკვლევართა წახალისება, მათ მიერ გაწეული განსაკუთრებული მიღწევების დაფასება, აგრეთვე, საქართველოს მეცნიერებისა და საქართველოს შესახებ კვლევების წახალისებისა და პოპულარიზაციის ხელშეწყობა. კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ როგორც საქართველოს მოქალაქეობის მქონე პირებს, მათ შორის საზღვარგარეთ მოღვაწე ჩვენს თანამემამულეებს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეებს შემდეგ კატეგორიებში: ქართველოლოგიის დარგში მოღვაწე საუკეთესო უცხოელი მეცნიერის ჯილდო; საუკეთესო ახალგაზრდა მეცნიერის ჯილდო (არაუმეტეს 35 წელი); საუკეთესო მეცნიერის ჯილდო; საუკეთესო სამეცნიერო კვლევითი ჯგუფის ჯილდო. იხილეთ მეტი

 

ორმხრივი სამეცნიერო საგრანტო კონკურსები:

 

საქართველო - გერმანია: "Rustaveli-DAAD - ერთობლივი სამეცნიერო საგრანტო პროგრამა" - მიზანია ახალგაზრდა მეცნიერებისა და დოქტორანტების ხელშეწყობა სამეცნიერო კვლევების განხორციელებასა და ხარისხიანი სადოქტორო განათლების მიღებაში, აგრეთვე, გერმანელ კოლეგებთან ერთად სამეცნიერო ქსელის შექმნა საუკეთესო სამეცნიერო პრაქტიკის საერთაშორისო გაცვლის პროცესების გაუმჯობესების მიზნით და თემატური ან ინტერდისციპლინური მიმართულებით სამეცნიერო თანამშრომლობის გაღრმავება. კონკურსი ითვალისწინებს ახალგაზრდა მეცნიერების ან დოქტორანტების გერმანიის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებსა ან/და კვლევით ინსტიტუტებში სტაჟირების დაფინანსებას, ასევე, ერთობლივი სადოქტორო პროგრამების დოქტორანტების გერმანიის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებსა ან/და კვლევით ინსტიტუტებში სტაჟირების დაფინანსებას. იხილეთ მეტი

 

საქართველო - თურქეთი: "შ. რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და TUBITAK-ის ერთობლივი სამეცნიერო საგრანტო კონკურსი" -  მიზანია მეცნიერების სფეროში საქართველოსა და თურქეთს შორის თანამშრომლობის გაღრმავება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და სამეცნიერო-კვლევითი ცენტრების მეცნიერთა ჯგუფებს შორის თანამშრომლობის ხელშეწყობის, ორი ქვეყნის მეცნიერთა სამეცნიერო-კვლევითი მობილობისა და ერთობლივი სამეცნიერო-კვლევითი პროექტების განხორციელების გზით. კონკურსი ითვალისწინებს საგრანტო დაფინანსებას ერთობლივი კვლევითი პროექტების განსახორციელებლად ან მეცნიერთა მოკლევადიანი სამეცნიერო-კვლევითი გაცვლითი ვიზიტების განსახორციელებლად. კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ როგორც საქართველოს მოქალაქეობის მქონე პირებს, მათ შორის საზღვარგარეთ მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებს, ასევე თურქეთის მეცნიერთა ჯგუფს. იხილეთ მეტი

 

საქართველო - იტალია: "შ. რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და იტალიის კვლევების ეროვნული საბჭოს (CNR) ერთობლივი სამეცნიერო საგრანტო კონკურსი" - მიზანია საქართველოს და იტალიელ მეცნიერებსა და სამეცნიერო ცენტრებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება, ორი ქვეყნის მკვლევართა მობილობის მხარდაჭერა და ერთობლივი სამეცნიერო კვლევითი პროექტების ფინანსური ხელშეწყობა. კონკურსი ითვალისწინებს საგრანტო დაფინანსებას ერთობლივი კვლევითი პროექტების განსახორციელებლად და ერთობლივი სემინარების ჩასატარებლად. პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოსა და იტალიის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტებში,  დამოუკიდებელ კვლევით ცენტრებსა და სამეცნიერო ინსტიტუტებში მოღვაწე მეცნიერებს. იხილეთ მეტი

 

საქართველო - საფრანგეთი: "საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობის პროექტი" - შ. რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და საფრანგეთის სამეცნიერო კვლევების ეროვნული ცენტრის ერთობლივი სამეცნიერო გრანტების პროგრამის მიზანია მეცნიერების სფეროში ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავება და ქართველ მეცნიერთა კვლევების დონის ამაღლება; ახალგაზრდა მეცნიერთა ერთობლივ კვლევებში აქტიური ჩართვა და ევროპულ სამეცნიერო-კვლევით სივრცეში მათი ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობა. პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოსა და საფრანგეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტებში, დამოუკიდებელ კვლევითი ცენტრებსა და სამეცნიერო ინსტიტუტებში მოღვაწე მეცნიერებს. იხილეთ მეტი

 

[შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2020 წლის კონკურსების კალენდარი]

სასარგებლო ბმულები