პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

23 მარტი-10 აპრილის ფრენების განრიგი ევროპიდან საქართველოს მიმართულებით


23.03.2020

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, საზღვარგარეთ მყოფი მოქალაქეების საქართველოში დაბრუნების მიზნით, უახლოესი პერიოდის განმავლობაში განხორციელდება კომპანია „აირზენას“ სპეციალური კომერციული რეისები ევროპის შემდეგი მიმართულებებით:

საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით, აღნიშნულ რეისებზე ბილეთის თანხა არ უნდა  აღემატებოდეს 199 ევროს. „ეს უნდა დაიცვას ავიაკომპანიამ, რომელიც განახორციელებს ამ რეისებს. გვესმის, რომ ბიზნესი მძიმე მდგომარეობაშია, ამიტომ აუცილებელია, რომ ეს ჭერი იყოს მტკიცედ, მყარად დაცული ავიაკომპანიის მიერ“, - აღნიშნა მინისტრმა.

საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით, უცხოეთიდან უკვე გამოიყვანა საქართველოს 3000-მდე მოქალაქე.

„საქართველოს მთავრობა და საგარეო საქმეთა სამინისტრო, პრემიერ-მინისტრის დავალებით, ინტენსიურად მუშაობს უცხოეთიდან ჩვენი მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად. უკვე თვენახევარია, რაც საგარეო საქმეთა სამინისტროს ჩართულობით და პრემიერ-მინისტრის დავალებით მოვახერხეთ 3000-მდე ჩვენი მოქალაქის დაბრუნება სამშობლოში. განხორციელდა სპეციალური რეისები ჩინეთიდან, იტალიიდან, პოლონეთიდან,  გერმანიიიდან და ა.შ. ეს სია საკმაოდ ვრცელია. უკვე განისაზღვრა ის მიმართულებები, საიდანაც ამ ეტაპზე მოხდება საქართველოს მოქალაქეების ეტაპობრივი გამოყვანა - მე ხაზს ვუსვამ, ეტაპობრივი გამოყვანა, რადგან არაერთხელ განვმარტე და კიდევ ერთხელ ვიმეორებ: აუცილებელია, ჩვენი ჯანდაცვის სისტემა მომზადებული შეხვდეს ჩვენი მოქალაქეების დაბრუნებას. როგორც ცნობილია, შემოსული მგზავრები (საქართველოს მოქალაქეები) გადიან 14-დღიან აუცილებელ საკარანტინო პროცედურებს. აქედან გამომდინარე, აუცილებელია იყოს დაცული ზუსტი თანაფარდობა არსებულ სივრცეებსა და საქართველოში დასაბრუნებელ მოქალაქეებს შორის“, - განაცხადა მინისტრმა.

დავით ზალკალიანის თქმით, შესაძლოა უკვე განსაზღვრული ფრენების მიმართულებითაც იყოს გარკვეული ცვლილებები, რომლის შესახებ ოპერატიულად ეცნობება საზოგადოებას საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების მიერ, რომლებიც მუშაობენ 24-საათიან რეჟიმში. აგრეთვე, მოქმედებს ავიაკომპანიის შესაბამისი ცხელი ხაზი.

საგარეო საქმეთა მინსიტრმა, აგრეთვე, აღნიშნა, რომ უცხოეთში მყოფი ჩვენი მოქალაქეების საქართველოში ეტაპობრივად დაბრუნების მიზნით, მიმდინარეობს შემდგომი მიმართულებების განსაზღვრა.

 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცხელი ხაზი: +995 32 294 50 50

საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ცხელი ხაზი.