პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

23 მარტი - ონლაინ სამედიცინო კონსულტაცია გერმანიაში მყოფი თანამემამულეებისთვის 


23.03.2020

23 მარტს, ბერლინის დროით 17:00 საათზე, გერმანიაში საქართველოს საელჩოს Facebook გვერდზე თბილისიდან გაიმართება ექიმ-ინფექციონისტების ონლაინ კონსულტაცია გერმანიაში მყოფი თანამემამულეებისთვის თემაზე "კორონავირუსი - მისი პრევენცია და მკურნალობა". მოქალაქეებს შეკითხვები შეუძლიათ გააგზავნონ შემდეგ ელ-ფოსტაზე: [email protected].

ონლაინ სამედიცინო  კონსულტაციის ფარგლებში, ექიმ-ინფექციონისტები თბილისიდან ონლაინ რეჟიმში უპასუხებენ გერმანიაში მყოფი თანამემამულეების შეკითხვებს კორონავირუსთან (COVID-19) დაკავშირებულ საკითხებზე. 

მსოფლიოში არსებული კორონავირუსის (COVID-19) პანდემიიდან გამომდინარე, ონლაინ სამედიცინო კონსულტაციები თბილისიდან ხორციელდება იმ ქვეყნებში, სადაც დიდია საქართველოს მოქალაქეთა რაოდენობა. ონლაინ სამედიცინო კონსულტაციები თბილისიდნ უკვე გაიმართა იტალიაში, ესპანეთსა და საფრანგეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის.

აღნიშნული ონლაინ სამედიცინო კონსულტაციები საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით მიმდინარეობს და მას ორგანიზებას უწევს საგარეო საქმეთა სამინისტრო, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი.