პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

3 ნოემბერს ქართული დიპლომატიის დღეა


03.11.2021

საგარეო საქმეთა სამინისტრო პროფესიულ დღესასწაულს - დიპლომატის დღეს აღნიშნავს. ეს თარიღი ცნობილი ქართველი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის, სულხან- საბა ორბელიანის დაბადების დღეს უკავშირდება.

1918 წელს სახელმწიფოებრიობის აღდგენისა და დამოუკიდებლობის გამოცხადების დღეს, 26 მაისს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დაარსებით, დაიწყო აქტიური ქართული დიპლომატიის განხორციელება. 

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საგარეო პოლიტიკის უმთავრეს მისიას ქვეყნის სუვერენიტეტის საერთაშორისო ცნობა და დამოუკიდებელი საგარეო ურთიერთობების წარმართვა წარმოადგენდა.

1918-1921 წლებში, სხვადასხვა ქვეყანაში საქართველოს 16-მდე დიპლომატიური და საკონსულო წარმომადგენლობა გაიხსნა.

დღეს, საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობები დამყარებული აქვს 189 ქვეყანასთან, ხოლო, საქართველოში ამჟამად მოქმედებს სხვადასხვა ქვეყნის 42 რეზიდენტი მისია და 24 საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლობა. 

ამჟამად, სამინისტროს ცენტრალურ აპარატში, საქართველოს ინტერესების გატარებას ემსახურება 400-მდე თანამშრომელი, ხოლო საზღვარგარეთ 73 მისიაში, რომელიც 103 ქვეყანას ფარავს, 600-ზე მეტი დიპლომატი. 

საგარეო საქმეთა სამინისტროს გუნდი ერთიანი ძალისხმევით უძღვება თანამედროვე ქართულ დიპლომატიასა და ქვეყნის საზღვარგარეთ წარმოჩენას. 

ქართული დიპლომატია განაგრძობს ეროვნული ინტერესების გატარებას, ქვეყნის საზღვრებს გარეთ მოქალაქეების უფლებების დაცვასა და უკეთესი მსოფლიო თანამეგობრობაში წვლილის შეტანას.

გილოცავთ დიპლომატის დღეს!