პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

4 მაისს, დიასპორის წარმომადგენლებისთვის გაიმართება ონლაინ სამედიცინო კონსულტაცია


03.05.2020

მიმდინარე წლის 4 მაისს, თბილისის დროით 17:00 საათზე,საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ “Facebook“ გვერდზე თბილისიდან განხორციელდება ფსიქოლოგის, პროფესორ თეა გოგოტიშვილის პირდაპირი ჩართვა. ჩართვისას ფსიქოლოგი თეა გოგოტიშვილი 1 საათის განმავლობაში ისაუბრებს მენტალური ჯანმრთელობის სტაბილურობისა და სტრესთან გამკლავების საკითხებზე კორონავირუსთან დაკავშირებით არსებული შეზღუდვების პირობებში და უპასუხებს საზღვარგარეთ მყოფი ჩვენი თანამემამულეების შეკითხვებს.

თეა გოგოტიშვილი არის ფსიქოლოგიის დოქტორი, პროფესორი, ევროპაში - EAGT აკრედიტებული, EAP სერტიფიცირებული ფსიქოთერაპევტი; საქართველოს ეროვნული გეშტალტ ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი; საქართველოს გეშტალტთერაპევტთა ეროვნული ასოციაციის სასწავლო სტანდარტების და პროფესიული კომპეტენციების კომიტეტის თავმჯდომარე; ევროპის გეშტალტ ინსტიტუტის EGI (ვარშავა, პოლონეთი) ტრენერი, წმ. ანდრია პირველწოდებულის სახ. ქართული უნივერსიტეტის სრული პროფესორი; დიმიტრი უზნაძის სახ. ფსიქოლოგიის სასწავლო-საკონსულტაციო ცენტრის ხელმძღვანელი; სამეცნიერო ფსიქოლოგიის საერთაშორისო გაერთიანებაში - IUPsyS საქართველოს წარმომადგენელი. იგი მუშაობს ფსიქო-კონსულტირებასა და ფსიქოთერაპიაში, პირისპირ და ონლაინ, როგორც ინდივიდუალურად, ასევე ჯგუფებთან; ატარებს ლექციებს, ტრენინგებს, ვორქშოფებს, სემინარებს საქართველოსა და ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში. მუშაობს ინგლისურ, რუსულ და ქართულ ენებზე.

უცხოეთში მყოფ თანამემამულეებს კითხვების გამოგზავნა შეუძლიათ შემდეგი ელექტრონული ფოსტის მისამართზე: [email protected]

შეგახსენებთ, კორონავირუსთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საგარეო საქმეთა სამინისტრომ, ჯანდაცვის სამინისტროსთან და დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან თანამშრომლობით, დღემდე ორგანიზება გაუწია 10 ონლაინ კონსულტაციას COVID-19-თან დაკავშირებულ საკითხებზე. კერძოდ, ონლაინ სამედიცინო კონსულტაციები გაიმართა უშუალოდ აშშ-ში (ქ. ვაშინგტონში, ქ. ნიუ იორკში 2-ჯერ - I, II), გერმანიაში, დიდ ბრიტანეთში, ესპანეთში, იტალიაშისაბერძნეთსა და საფრანგეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეებისათვის, აგრეთვე, განხორციელდა ონლაინ სამედიცინო კონსულტაცია, ზოგადად, უცხოეთში მყოფი ყველა დაინტერესებული თანამემამულისათვის.