პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ახალი პროექტი - სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების 100 საბადო ბიზნესს!


11.02.2020

დღეიდან, 11 თებერვლიდან, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და წიაღის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლობით, მიმდინარე სახელმწიფო პროგრამას - „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიების კომპონენტი დაემატა. პროგრამის ახალი კომპონენტის პრეზენტაცია მარნეულში, ბაზალტის საბადოს მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართა, რომელიც ღნიშნული კომპონენტის ფარგლებში ბიზნესისთვის შეთავაზებულ ერთ-ერთ მსხვილ ობიექტს წარმოადგენს.

სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიების კომპონენტის ფარგლებში, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში შეირჩა და აუქციონზე განთავსდა კომერციულად მიმზიდველი 100 საბადო. პრეზენტაციაზე აღინიშნა, რომ პროცესი იქნება მაქსიმალურად გამჭვირვალე და ყველა დაინტერესებულ პირს ექნება თანაბარი შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღოს ელექტრონულ ვაჭრობაში.

„ბიზნესს ვთავაზობთ წიაღისეულის ათვისების ლიცენზიის 100 პარალელურ ელექტრონულ აუქციონს, რაც ძალიან მასშტაბური და საინტერესო ინიციატივაა. ეს შეეხება ისეთ წიაღისეულს, რომელსაც აქვს საექსპორტო ან იმპორტის ჩანაცვლების პოტენციალი, მათ შორის, ეს არის სხვადასხვა ლითონები, სამთო ქიმიური ნედლეული, საშენი მასალები, პოლიმეტალები, მიწისქვეშა წყლები. ეს არის სწორედ ის რესურსი, რომელიც სჭირდება ჩვენს ეკონომიკას, რათა კიდევ უფრო სწრაფად განვითარდეს, კიდევ უფრო მაღალი იყოს ეკონომიკური ზრდა, შეიქმნას ახალი სამუშაო ადგილები და მოვიზიდოთ ახალი ინვესტიციები [...] ეს არის დამატებით, სულ მცირე, 1800 ახალი სამუშაო ადგილი საქართველოში“, - განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ.

ეკონომიკის მინისტრის განმარტებით, ჯამში, წიაღისეულის 100 ლიცენზია არის, სულ მცირე, 82 მლნ. ლარის საწყისი ღირებულების პაკეტი, რომელიც შევა სახელმწიფო ბიუჯეტში. მისივე თქმით, ეს არის, სულ მცირე, 120 მილიონი ლარის ინვესტიცია, რა ვალდებულებასაც ბიზნესი აიღებს იმ ნაწილში, რომ არამხოლოდ მოიპოვოს, არამედ ადგილზე გადაამუშავოს წიაღისეული.

პრეზენტაციაზე აღინიშნა, რომ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიების პროექტის განხორციელებისას სახელმწიფოს მიერ განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა მოპოვება/გადამუშავების პროცესში მაღალი გარემოსდაცვითი სტანდარტების გამოყენებას. აღნიშნული მოთხოვნები გათვალისწინებული იქნება სალიცენზიო პირობებად.

პროგრამის - „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ ახალი კომპონენტის - სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიების კომპონენტის შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე:

კატალოგი: საქართველოში სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების 100 საბადო

- წიაღის ეროვნული სააგენტო: http://www.nam.gov.ge/index.php?m=text&menu=131