პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ანკარაში „ქართული ხელოვნების სახლის“ კამერულმა გუნდმა კონცერტი გამართა


10.02.2020

8 თებერვალს, ანკარის ნაზიმ ჰიქმეთის სახელობის კულტურისა და ხელოვნების ცენტრში გაიმართა სტამბოლში მოქმედი დიასპორული ორგანიზაციის „ქართული ხელოვნების სახლის“ მრავალხმიანი კამერული გუნდის კონცერტი. ღონისძიება თურქეთში საქართველოს საელჩოს ხელშეწყობითა და ანკარის პოლიფონიური გუნდის - „Anchorus“ ორგანიზებით მოეწყო.

კონცერტის ფარგლებში, კამერულმა გუნდმა, რომელიც დაკომპლექტებულია ეთნიკურად ქართველი და თურქი ახალგაზრდებით, შეასრულა ხალხური სიმღერები ქართულ, აფხაზურ, მეგრულ, ჩერქეზულ, ჩეჩნურ და თურქულ ენებზე.

ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა თურქეთში საქართველოს ელჩმა გიორგი ჯანჯღავამ და გუნდის ხელმძღვანელს, იბერია ოზქან მელაშვილს სამადლობელი სიგელი გადასცა. კონცერტის დასრულების შემდეგ, საქართველოს ელჩმა შეხვედრა გამართა ანკარის ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან.

ღონისძიებას ესწრებოდნენ თურქეთის სამოქალაქო საზოგადოების, კულტურისა და აკადემიური სფეროების, ქართული დიასპორული ორგანიზაციების წარმომადგენლები, ასევე ანკარაში მყოფი ქართველი სტუდენტები

აღსანიშნავია, რომ სტამბოლში არსებული „ქართული ხელოვნების სახლი / Gürcü Sanat Evi“ ერთ-ერთი ყველაზე აქტიური დიასპორული ორგანიზაციაა. თურქეთში ქართული კულტურის პოპულარიზაციის მიზნით, იგი ინტენსიურად მართავს სხვადასხვა კულტურულ ღონისძიებებს, მათ შორის, გამოფენებს, ფოლკლორულ თუ ლიტერატურულ საღამოებს. ხელოვნების სახლში ფუნქციონირებს ქართული ენის, ფანდურის, სალამურის, აკორდეონისა და სხვა ქართული და კავკასიური საკრავების, აგრეთვე, ქართული ცეკვისა და ხატვის შემსწავლელი კურსები. ამჟამად, ორგანიზაციის  სამხატვრო ხელმძღვანელია იბერია ოზქან მელაშვილი. „ქართული ხელოვნების სახლი“ 2011 წელს დაარსდა შემსეთთინ იემის (გიორგი ირემაძე) მიერ.