პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ათენში ბესიკ ხარანაულის "ხეიბარი თოჯინას" ბერძნული გამოცემის პრეზენტაცია გაიმართა


02.08.2020

2020 წლის 31 ივლისს, საბერძნეთში საქართველოს საელჩოში გაიმართა ბესიკ ხარანაულის პოემის „ხეიბარი თოჯინა“ ბერძნული გამოცემის პრეზენტაცია. მწერალთა სახლის მხარდაჭერით, ბესიკ ხარანაულის პოემა ითარგმნა ბერძნულად და გამოიცა „Vakxikon Publications“ მიერ.

ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა საბერძნეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩმა დავით დონდუამ. ბესიკ ხარანაულის შემოქმედებისა და თავად რომანის „ხეიბარი თოჯინა“ შესახებ ისაუბრეს საელჩოს პირველმა მდივანმა ანი უძილაურმა და საელჩოს საკონსულო სამსახურის თანამშრომელმა ზურაბ ვაჩეიშვილმა.

საღამოს ფარგლებში, ბესიკ ხარანაულის პოემიდან ნაწყვეტები ბერძნულ ენაზე წაიკითხა მწერალმა და მომღერალმა იოვანამ, ხოლო ქართულ ენაზე - საბერძნეთის ეროვნული თეატრის მსახიობმა დავით მაღალდაძემ.

დამსწრე საზოგადოებას პოემის ავტორი ბესიკ ხარანაული წერილობით მიესალმა და თავისი პოემის შესახებ უამბო.

ღონისძიების დასასრულს, იოვანამ და ათენის ვოკალურ-ინსტრუმენტულმა ანსამბლმა „კავკასია“ ორ ენაზე შეასრულეს ქართული ნაწარმოებები „თბილისო“ და „სულიკო“.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს მწერალთა სახლი და გამომცემლობა „Vakxikon Publications“, ახლო მომავალში, გეგმავენ კიდევ რამდენიმე თარგმანის გამოცემას ბერძნულ ენაზე, მათ შორის, თანამედროვე ქართული პოეზიის ანთოლოგიას და წიგნს თბილისზე.