პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

„აწარმოე საქართველოში“ ელექტროენერგიის წარმოებას დააფინანსებს


15.09.2023

სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ ბიზნეს უნივერსალის კომპონენტს კიდევ ერთი ეკონომიკური საქმიანობით - ელექტროენერგიის წარმოებით ამრავალფეროვნებს.

აღნიშნული ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში სესხით/ლიზინგით სარგებლობისათვის სავალდებულოა, ობიექტი აწარმოებდეს მზის, ქარის ან ჰიდრო ენერგიას და მათი დადგმული სიმძლავრე 0.5 მეგავატს არ აღემატებოდეს.

აღსანიშნავია, რომ ჰიდროენერგეტიკის მიმართულებით იგულისხმება მცირე ზომის ჰესები.

„განახლებადი ენერგიების წარმოება და განვითარება ჩვენი ქვეყნისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტია. აქედან გამომდინარე, ჩვენი სააგენტო მზად არის ხელი შეუწყოს ელექტროენერგიის მწარმოებელ კომპანიებს, რომლებიც მზის, ქარის და ჰიდრო ელექტროენერგიას აწარმოებენ. ვფიქრობ, ეს დაეხმარება როგორც ენერგეტიკის დარგის, ასევე ჩვენი ქვეყნის ენერგომომავლის განვითარებას“ - აღნიშნა სააგენტოს დირექტორმა, მიხეილ ხიდურელმა.

„ბიზნეს უნივერსალის“ პროგრამის მიზანია საქართველოში მეწარმეობის განვითარება, მეწარმე სუბიექტების მხარდაჭერა, ახალი საწარმოების შექმნის ხელშეწყობა, არსებული საწარმოების გაფართოების და გადაიარაღების ხელშეწყობა, აგრეთვე კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის ამაღლება ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის საშუალებით.

პროგრამის ფარგლებში, „აწარმოე საქართველოში“ ახორციელებს სესხი პროცენტის სუბსიდირებას სესხის სრული ვადით - სებ-ის რეფინანსირების განაკვეთის გამოკლებული 5%-ის ოდენობით. პროგრამის ფარგლებში ასევე შესაძლებელია დამატებითი სარგებლის მიღება უზრუნველყოფის ნაწილში.

დამატებით ინფორმაცია სააგენტოს საქმიანობისა და პროგრამების შესახებ იხილეთ:

https://www.enterprisegeorgia.gov.ge/ka