პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

აზერბაიჯანი - კახის რაიონში ქართული წირვა ბოლო 120 წლის შემდეგ პირველად აღევლინა


06.10.2019

მიმდინარე წლის 6 ოქტომბერს, პირველად, ბოლო 120 წლის განმავლობაში, ჩატარდა საზეიმო წირვა-ლოცვა აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, კახის რაიონის სოფელ ქოთოქლოს ახლადამოქმედებულ წმინდა სამების ეკლესიაში.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ საუკუნეზე მეტი ხნის მანძილზე, აღნიშნული ტაძარი იყო უმოქმედო და ადგილობრივი ქართველი მართლმადიდებელი მოსახლეობა მოითხოვდა რეგულარული წირვა-ლოცვის განახლებას, რასაც მხარი დაუჭირა აზერბაიჯანის ხელისუფლებამ.

პირველი საღვთო ლიტურღია ჩაატარა საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის ჰერეთისა და ხორნაბუჯის ეპისკოპოსმა მეუფე დიმიტრიმ.

წმინდა სამების ეკლესიის ამოქმედებასთან დაკავშირებულ საზეიმო ღონისძიებას ესწრებოდნენ ქართული დიასპორის წარმომადგენლები, აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩი ზურაბ პატარაძე, საქართველოს საელჩოსა და ქ. განჯაში საქართველოს გენერალური საკონსულოს თანამშრომლები, ასევე კახის რაიონის აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელი მუსა შექელიევი.

საღვთო ლიტურღიის დასრულების შემდეგ, საქართველოს ელჩმა ზურაბ პატარიძემ შეხვედრა გამართა ადგილობრივ ქართველ მოსახლეობასთან.