პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ბანგკოკი-თბილისის მიმართულებით პირდაპირი ჩარტერული ავიარეისები განხორციელდება


09.10.2019

მიმდინარე წლის 28 დეკემბრიდან ავიაკომპანია Thai Air Asia X ბანგკოკი-თბილისის მიმართულებით პირდაპირ ჩარტერულ ფრენებს განახორციელებს.

„ტავ ჯორჯიას“ ინფორმაციის თანახმად, ჩარტერული ფრენები სამი თვის განმავლობაში, კვირაში სამი სიხშირით, Airbus 330 ტიპის საჰაერო ხომალდებით განხორციელდება.

ავიაკომპანიის წარმომადგენლებმა, „ტავ ჯორჯიასა“ და სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ხელმძღვანელობასთან ერთად, პირველი სამუშაო შეხვედრა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ა.წ. 8 ოქტომბერს გამართეს. მხარეებმა პირდაპირი ფრენების დაწყებასთან დაკავშირებული პროცედურები განიხილეს.

აღსანიშნავია, რომ Thai Air Asia X საავიაციო ბაზარზე 2014 წლიდან ოპერირებს და დღეისთვის ავიაკომპანია პირდაპირ ფრენებს 66 საერთაშორისო და 29 ადგილობრივი მიმართულებით ახორციელებს. კომპანიის ავიაპარკი 12 Airbus 330 ტიპის საჰაერო ხომალდისგან შედგება.