პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ბარსელონაში ქართული დიასპორის ორგანიზებით თბილისობის დღესასწაული მასშტაბური ღონისძიებით აღინიშნა


13.10.2022

ქ. ბარსელონაში, წმინდა ნინოს სახელობის ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის სამრევლოს ინიციატივით  და  ქ. ბარსელონაში საქართველოს გენერალური საკონსულოს ხელშეწყობით, „თბილისობის“ დღესასწაულისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა, რომელსაც ქართული დიასპორის 1000-მდე წარმომადგენელი და  საქართველოდან ჩასული დელეგაცია ესწრებოდა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ვლადიმერ კონტანტინიდის ხელმძღვანელობით. 

თბილისობისადმი მიძღვნილი ღონისძიების ფარგლებში, ორგანიზატორებმა დამთვალიერებლებს შესთავაზეს საქართველოს სხვადასხვა კუთხის ამსახველი ინსტალაციები, სადაც სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ საქართველოს რეგიონების კულტურას  და ადგილობრივ სამზარეულოს, ასევე ქართული ღვინის წარმოების ისტორიას და კულტურას.

თბილისობის ფარგლებში გაიმართა კონცერტი, სადაც წარმოდგენილი იყო ქ. ბარსელონაში მოქმედი ქართული ფოლკლორული ანსამბლების შემოქმედება, მათ შორის  „წმინდა ანთიმოზ ივერიელის“ სახელობის ქართული საკვირაო სკოლის მოსწავლეების მონაწილეობით.   

დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ. საკუთარ გამოსვლაში ვლადიმერ კონტანტინიდმა აღნიშნა დიასპორის უდიდესი წვლილი ადგილსამყოფელ ქვეყნებში საქართველოს პოპულარიზაციის და ქვეყნის იმიჯის განმტკიცების საქმეში და მადლობა გადაუხადა მათ მსგავსი სახის მასშტაბური კულტურული ღონისძიების ორგანიზებისთვის.

ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო 10 ოქტომბერს,  ქართული კრივის კლუბის „იბერია“  ორგანიზებულ   სპორტულ  შეჯიბრში, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ქართული დიასპორის წარმომადგენლებმა (კლუბის წევრებმა) და ადგილობრივმა სპორტსმენებმა. აღსანიშნავია, რომ  კლუბმა ‘იბერია’ გაიმარჯვა საგარეო საქმეთა სამინისტროს, საგრანტო პროგრამაში  - „დიასპორული ინიციატივების მხარდაჭერა“, პროექტით  - „ქართული სპორტი ევროპაში“, კლუბის მიერ წარმოდგენილი პროექტი ქართული სპორტის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად.  პროექტის ფარგლებში დაგეგმილია სხვა სპორტული ღონისძიებებიც.

საქართველოს დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო ასევე ქ. ბარსელონაში მოქმედი „წმინდა ანთიმოზ ივერიელის“ სახელობის ქართული საკვირაო სკოლის სასწავლო წლის დაწყების ცერემონიაში. 

აღსანიშნავია, რომ ქ. ბარსელონას საკვირაო სკოლა  საზღვარგარეთ მოქმედი  ერთ-ერთი ყველაზე დიდი ქართული  სასწავლებელია, რომელიც დღეის მონაცემებით, ესპანეთის სამეფოში მცხოვრებ  200-ზე მეტ ქართველ მოსწავლეს აერთიანებს.