პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ბარსელონაში საქართველოს კონსული ასოციაცია „ევროჯორჯია“-სთან არსებულ საკვირაო სკოლას ეწვია


22.09.2020

ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით, ქალაქ ბარსელონაში საქართველოს კონსული ქეთევან გოგოლაშვილი ასოციაცია „ევროჯორჯია - ბარსელონა“-სთან არსებულ ქართულ საკვირაო სკოლასა და ცეკვის სტუდიას ეწვია.  

საქართველოს კონსულმა მისასალმებელი სიტყვით მიმართა საკვირაო სკოლისა და ქართული ცეკვის სტუდიის აღსაზრდელებს და მშობლებს და მათ ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა. კონსულმა ასევე უპასუხა დიასპორისთვის აქტუალურ  შეკითხვებს, მათ შორის, მან თანამემამულეებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა ამა წლის 31 ოქტომბერს დაგეგმილ საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის პროცედურების თაობაზე.

ასოციაცია „ევროჯორჯია - ბარსელონა“-სთან არსებული ქართული საკვირაო სკოლა და ცეკვის სტუდია მიმდინარე სასწავლო წლიდან ფუნქციონირებას, დროებით, განაგრძობს შემდეგ მისამართზე: Calle Sant Iscle 31, Local F.

აღსანიშნავია, რომ ქართული ენისა და კულტურის შესწავლასთან ერთად, ასოციაცია „ევროჯორჯია - ბარსელონა“ და მასთან არსებული ქართული საკვირაო სკოლა აქტიურად უწევს ორგანიზებას ქართველ მოზარდებს შორის გაცვლითი სახის კულტურულ ღონისძიებებს, რაც მიზნად ისახავს, ერთი მხრივ, ემიგრანტი ბავშვების ჩართულობას საქართველოში დაგეგმილ კულტურულ ღონისძიებებში, მეორე მხრივ კი, საქართველოში მცხოვრები ბავშვების დამეგობრებას უცხოეთში მყოფ თანატოლებთან და ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვას საქართველოს საზღვრებს გარეთ.

ასოციაცია „ქართული კულტურის ცენტრი / EuroGeorgia – Barcelona” და მასთან მოქმედი ქართული საკვირაო სკოლა 2017 წელს დაარსდა ნანა ღლონტის ინიციატივით.