პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ბარსელონაში საქართველოს საკონსულოსა და ასოციაცია „საქართველოს რესპუბლიკა და ემიგრანტების“ წარმომადგენლებს შორის ონლაინ შეხვედრა გაიმართა


06.07.2020

მიმდინარე წლის  3 ივლისს, ქ. ბარსელონაში საქართველოს საკონსულოში გაიმართა ონლაინ შეხვედრა საკონსულოსა და ქ. ალიკანტეში მოქმედ ასოციაცია “საქართველოს რესპუბლიკა და ემიგრანტებისწარმომადგენლებს შორის.ონლაინ შეხვედრაზე კონსულმა ქეთევან გოგოლაშვილმა დიასპორის წარმომადგენლებს მიაწოდა ინფორმაცია კორონავირუსით გამოწვეული საგანგებო მდგომარეობის პერიოდში საქართველოს მთავრობის, საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საკონსულოს მიერ განხორციელებული სამუშაოების თაობაზე.

კონსული თანამემამულეებს ესაუბრა სახელმწიფოს მხრიდან უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეებისათვის გაწეული ჰუმანიტარული სახის დახმარებების, უფასო ონლაინ სამედიცინო კონსულტაციებისა და მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების მიზნით, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, სპეციალურად დანიშნული ჩარტერული რეისების შესახებ.

ონლაინ შეხვედრის ფარგლებში, კონსულმა ქეთევან გოგოლაშვილმა, აგრეთვე, უპასუხა ესპანეთში მყოფი ქართული დიასპორისათვის აქტუალურ შეკითხვებს. კერძოდ, საუბარი შეეხო მოქალაქეთა დისტანციური მომსახურების, სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღების შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებისა და დიასპორისათვის სხვა მნიშვნელოვან საკითხებს.

კონსულმა მადლობა გადაუხადა ასოციაცია „საქართველოს რესპუბლიკა და ემიგრანტების“ წევრებს პანდემიის ურთულეს პირობებში ესპანეთში მყოფ თანამემამულეთა მიმართ გამოჩენილი თანადგომისა და დახმარებისათვის; განსაკუთრებული ხაზი გაესვა ასოციაციის ხელმძღვანელის, მანანა გოგოლაძის პირად წვლილსა და თავდაუზოგავ შრომას საქართველოს მოქალაქეების დახმარების საქმეში.

აღსანიშნავია, რომ ასოციაცია „საქართველოს რესპუბლიკა და ემიგრანტები“, მანანა გოგოლაძის ხელმძღვანელობით, უკვე მრავალი წელია აქტიურად საქმიანობს ესპანეთში მყოფ თანამემამულეებში ქართული ენისა და ეროვნული იდენტობისა შენარჩუნებისა და ქართული კულტურის პოპულარიზაციის მიზნით. ორგანიზაცია 2002 წელს დაფუძნდა და იგი დაკავებულია კულტურულ-შემოქმედებითი და საგანმანათლებლო სახის საქმიანობით. ასოციაციასთან, ასევე, ფუნქციონირებს ქართული საკვირაო სკოლა და ფოლკლორისა და ცეკვის ანსამბლი „ივერია“ (ხელმძღვანელები: კობა დევდარიანი და მაია ბარათელი).

ონლაინ შეხვედრაზე კონსულმა დიასპორის წარმომადგენლებს აღუთქვა თანადგომა მათთვის საჭირბოროტო საკითხების მოგვარების პროცესში, ასევე, დაისახა საკონსულოსა და ასოციაციას შორის სამომავლო თანამშრომლობის გეგმები; გადაწყდა, რომ მსგავსი ფორმატის შეხვედრები სამომავლოდ ინტენსიურად გაგრძელდება.