პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ბრიტანეთის მუზეუმში პირველად გამოიფინა ქართული უნიკალური ოქროს ჯვარი და ყელსაბამი


01.06.2022

26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან და საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის 30 წელთან დაკავშირებით, საელჩოს ორგანიზებით, ბრიტანეთის მუზეუმში, პირველად გამოიფინა ქართული უნიკალური ოქროს ჯვარი და ყელსაბამი, რომელიც ქართველებმა საჩუქრად გადასცეს ბრიტანელ დიპლომატს და გაერთიანებული სამეფოს უმაღლეს წარმომადგენელს სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში (1919–1920 წლებში) სერ ოლივერ უორდროპს. 

აღნიშნული ნივთი წარმოადგენს შუა საუკუნეების ქართული ოქრომჭედლობის უნიკალურ ნიმუშს, რომელიც 1983 წლიდან ბრიტანეთის მუზეუმში ინახება და არასოდეს მომხდარა მისი ექსპოზიცია. ჯვარი და ყელსაბამი მომდევნო 2 წლის განმავლობაში იქნება გამოფენილი ბრიტანეთის მუზეუმში. 

მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართეს ელჩმა, სოფიო ქაცარავამ, დიპლომატიური კორპუსის მარშალმა, ალისტერ ჰარისონმა, ბრიტანეთის პარლამენტში საქართველოს საკითხებზე პარტიათაშორისი საპარლამენტო ჯგუფის თავმჯდომარემ, ჯონათან ჯანოგლიმ და გამოფენის კურატორმა, რეიჩელ კინგმა.  ელჩმა ისაუბრა საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაზე, ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე, საქართველოს ევროკავშირში სრულფასოვანი წევრობის მნიშვნელობაზე, საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის გაძლიერებაზე, რუსეთის სამხედრო აგრესიაზე უკრაინაში და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებზე.  

ღონისძიების ფარგლებში ასევე გაიმართა გამოფენა - “საქართველოს ევროპული ისტორიის ფურცლები“. ღონისძიებას ესწრებოდნენ ადგილობრივი მთავრობის, პარლამენტის, კულტურის, ბიზნესის, დიპლომატიური კორპუსისა და ქართული დიასპორის წარმომადგენლები.