პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ბრიუსელში მრგვალი მაგიდა “აწარმოე ბიზნესი საქართველოში”


08.11.2022

2022 წლის 3 ნოემბერს, ბრიუსელში საქართველოს საელჩოში, ქართული და ბელგიური კომპანიების მონაწილეობით, მრგვალი მაგიდა „აწარმოე ბიზნესი საქართველოსთან“ გაიმართა.

მრგვალი მაგიდა ორგანიზებული იყო ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში საქართველოს საელჩოს, ევროკავშირთან საქართველოს წარმომადგენლობისა და ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს (EUGBC) EU - Georgia Business Council EUGBC მიერ.

მრგვალი მაგიდა მისასალმებელი სიტყვით გახსნეს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ვახტანგ მახარობლიშვილმა, ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს გენერალურმა მდივანმა ზვიად ჭუმბურიძემ, ვალონიის ექსპორტისა და ინვესტიციების სააგენტოს (AWEX) ევროპის მიმართულების დირექტორმა ივ რიჩარდმა და სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის (DG NEAR) აღმოსავლეთ პარტნიორობის განყოფილების ხელმძღვანელმა მიხაელ რუპმა.

სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს ელჩმა ისაუბრა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესსა და ეკონომიკურ ინტეგრაციაზე და ხაზი გაუსვა ქვეყნის სტაბილურ და მიმზიდველ ბიზნეს გარემოს. მან ყურადღება გაამახვილა საქართველოსა და ბელგიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლისთავზე, აღნიშნა ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური მიმართულებით არსებული პოტენციალის ათვისების საჭიროება და ორმხრივი თანამშრომლობის განსავითარებლად სავაჭრო მისიების განხორციელების მნიშვნელობა.

მისასალმებელი გამოსვლების შემდგომ გაიმართა სამუშაო სესია, რომლის ფარგლებშიც საქართველოს ეკონომიკური პოტენციალის, ბიზნეს გარემოსა და საინვესტიციო შესაძლებლობების შესახებ პრეზენტაციები გააკეთეს სხვადასხვა ქართულმა კომპანიებმა და EUGB-ის აღმასრულებელმა დირექტორმა.

ღონისძიების დასასრულს ქართული და ბელგიური კომპანიების წარმომადგენლებს შორის გაიმართა business-to-business (B2B) კონსულტაციები და ქართული კომპანიების მიერ წარმოებული ღვინისა და ნუგბარის დეგუსტაცია.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო 60-მდე კომპანიის წარმომადგენელმა საქართველოდან და ბელგიის სამეფოდან.