პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ბუდაპეშტში ქართულ-უნგრული მეგობრობის საღამო გაიმართა


14.09.2023

ბუდაპეშტში მდებარე თბილისის მოედანზე ქართულ-უნგრული მეგობრობის საღამო გაიმართა, რომელიც ჩატარდა ბუდაპეშტის VIII რაიონის მუნიციპალიტეტის, იოჟეფვაროშის რკინიგზელთა ასოციაციის ორგანიზებითა და უნგრეთში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით.

ღონისძიება VIII რაიონის თვითმმართველობის წარმომადგენელმა კოპანი ბენდეგუზმა გახსნა, რის შემდეგაც დამსწრე საზოგადოებამ მოისმინა საქართველოს ელჩის, თამარ ლილუაშვილის მისასალმებელი ვიდეო მიმართვა.

ღონისძიებაზე წარსდგა უნგრელი მუსიკოსი პატრიკ პრომერი, რომელმაც საკუთარი ნაწარმოებები და პოპულარული უნგრული სიმღერები შეასრულა.

ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო კერძები და ღვინოები როგორც უნგრული, ასევე ქართული სამზარეულოდან.

ასევე, ბავშვებისთვის მოეწყო სპორტული შეჯიბრი.

ქართულ-უნგრულ მეგობრობის საღამოს ესწრებოდნენ იოჟეფვაროშის თვითმმართველობისა და საელჩოს წარმომადგენლები, ადგილობრივი მოსახლეობა და უნგრეთში მცხოვრები თანამემამულეები.