პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

დავით ზალკალიანი თანამემამულეებს 26 მაისსა და ქართული დიასპორის დღეს ულოცავს


26.05.2020

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს და ქართული დიასპორის დღეს ულოცავს:

„ძვირფასო თანამემამულენო,

გილოცავთ ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს თარიღს - საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. ასევე, მსურს მოგილოცოთ ქართული დიასპორის დღე, რომელსაც ტრადიციულად დიასპორის წარმომადგენლებთან ერთად საქართველოში აღვნიშნავთ. მსოფლიოში COVID-19-ის პანდემიის გავრცელებამ, სამწუხაროდ, ამჯერად, არ მოგვცა სამშობლოში შეხვედრის შესაძლებლობა. სწორედ ამიტომ, დისტანციურად მოგილოცავთ დღევანდელ დღეს და ჩემი თქვენდამი მიმართვაც ამ შესაძლებლობებსა და თანამშრომლობის გზებზე საუბარს მინდა დავუთმო, რომელიც პანდემიასთან ბრძოლის პროცესში სახელმწიფოსა და დიასპორის თანამშრომლობას ეხება.

თქვენთან ერთად მეამაყება პანდემიის პრევენციის პროცესში ჩვენი ქვეყნის წარმატება. ეს განაპირობა როგორც ხელისუფლებისა და სამედიცინო სფეროს წარმომადგენელთა მაღალპროფესიულმა მიდგომებმა, ასევე  საზოგადოების - ჩვენი თანამემამულეების პასუხისმგებლიანმა დამოკიდებულებამ და ერთსულოვნებამ. მოულოდნელმა კრიზისმა განსაკუთრებული სირთულეების წინაშე დააყენა უცხოეთში მყოფი ჩვენი თანამემამულეები. სწორედ ამიტომ, პანდემიის დროს, საქართველოს პრემიერ-მინისტრის მითითებით, საგარეო უწყებას ორი მთავარი ამოცანა დაესახა - უცხოეთში მყოფი თანამემამულეების სამშობლოში ეტაპობრივი და ორგანიზებული დაბრუნება და ადგილზე მათთვის დახმარების აღმოჩენა. ჩვენმა სახელმწიფომ წარმატებით გაართვა თავი ამ ამოცანას და შედეგად, საქართველოს წამყვანი პოზიციები უკავია იმ ქვეყნებს შორის, რომლებმაც შეძლეს პანდემიის პირობებში უცხოეთში მყოფი თანამემამულეებისთვის ეფექტიანი დახმარების აღმოჩენა. სახელმწიფოს ხელშეწყობით სამშობლოში დაბრუნდა 13 000-მდე მოქალაქე, ხოლო ადგილზე დახმარება აღმოვუჩინეთ 21 000-ზე მეტ თანამემამულეს. ამ პროცესში დიდია თქვენი ღვაწლი, რაც, ბუნებრივია, ციფრებში ვერ აისახება. თქვენ გვიჩვენეთ სამოქალაქო გმირობის ბრწყინვალე მაგალითები და გასაჭირში ჩავარდნილ უამრავ ჩვენს ემიგრანტს გაუწოდეთ დახმარების ხელი.

მსურს, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო საზღვარგარეთ მოქმედ დიასპორულ ორგანიზაციებს, რომელთაც მოახერხეს მატერიალური რესურსების მაქსიმალური მობილიზება თანამემამულეთა სოციალური თუ ეკონომიკური სირთულეების დასაძლევად.

ფასდაუდებელია საზღვარგარეთ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სამრევლოების წვლილი რთულ პერიოდში თანამემამულეების დახმარების პროცესში.

ჩვენი სახელმწიფოს, ისევე როგორც მთელი მსოფლიოს ძალისხმევა, ამჟამად, კვლავ მიმართულია პანდემიის საბოლოო დამარცხებისა და მისი თანმდევი შედეგების დაძლევისკენ. სწორედ ამიტომ, ხელისუფლებამ მიზანშეწონილად ჩათვალა არსებული შესაძლებლობების მობილიზება და რესურსების მიმართვა პანდემიის შემდგომ პერიოდში ქართული დიასპორის მხარდაჭერაზე. ამ მიზნით, საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაცხადა „დიასპორული ინიციატივების ხელშეწყობის“ საგრანტო პროგრამა. პროექტის ფარგლებში, დაფინანსდება საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების ის ინიციატივები, რომელიც მიმართული იქნება კრიზისის შემდგომ პერიოდში უცხოეთში მყოფი თანამემამულეების დახმარებაზე.

პანდემიით გამოწვეული კრიზისის დაძლევის შემდეგ, ჩვენ ჩვეულ რეჟიმში გავაგრძელებთ საქმიანობას და თანამშრომლობას. სახელმწიფოს პრიორიტეტად კვლავ დარჩება საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების უფლებებისა და ინტერესების დაცვა; კვლავაც განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ეროვნული და კულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნებას და განათლების საკითხებს; გაგრძელდება საკვირაო სკოლების სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფა. სწავლების დონის გაუმჯობესების მიზნით, ვფიქრობთ, საკვირაო სკოლების პედაგოგთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და მათი გადამზადების სპეციალური პროგრამის შემუშვებას.

უდიდესი მნიშვნელობა აქვს უცხოეთში მყოფ ქართველ ახალგაზრდებთან და სტუდენტებთან ურთიერთობას. შესაბამისად, მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმობა ახალგაზრდულ საკითხებს და სამშობლოში ახალგაზრდა, პროფესიონალი კადრების მოზიდვას. გაფართოვდება პროგრამის - "იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩი" ქვეყნების არეალი და გაიზრდება პროექტში ჩართული ახალგაზრდების რიცხვი.

სამინისტრო, მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრთან (ICMPD) ერთად, გააგრძელებს პროგრამას - „საქართველოს მაღალპროფილური დიასპორის ჩართულობა ქვეყნის განვითარებაში“ და წარმატებული დიასპორელების ღვაწლის დაფასებას.

კიდევ უფრო დაიხვეწება და თქვენს საჭიროებებზე მორგებული გახდება დიასპორული ვებ-პორტალი, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენს მჭიდრო კავშირს და თქვენს მაღალ ინფორმირებულობას. ამ კუთხით, გაგრძელდება ნაყოფიერი თანამშრომლობა მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციასთან.

გაგრძელდება, აგრეთვე, ყოველთვიური ელექტრონული დიასპორული საინფორმაციო ბიულეტენის გამოცემა.

თბილისში, ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობის მანდატით, ევროპის საბჭოს დიასპორისა და მიგრაციის საკითხთა კომიტეტთან ერთად, ვუმასპინძლეთ დიდ საერთაშორისო დიასპორულ ფორუმს, სადაც მნიშვნელოვანი ამოცანები დაისახა დიასპორელთა ხელშეწყობისა და ჩვენი თანამემამულეთა ყოფა-ცხოვრების გაუმჯობესების თვალსაზრისით.

საქართველომ წარმატებით შეძლო პანდემიის მართვა. ეს არაერთხელ იქნა აღიარებული ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის, ასევე ჩვენი ამერიკელი და ევროპელი პარტნიორების მიერ.

საქართველოს გააჩნია კონკურენტული უპირატესობა, კვლავ იქცეს ტურისტულად მიმზიდველ, უსაფრთხო დანიშნულების ადგილად და გვაქვს საფუძვლიანი ამბიცია 1 ივლისიდან ვუმასპინძლოთ საერთაშორისო ვიზიტორებს. ამ პროცესში მნიშვნელოვანია თქვენი როლი და მოგიწოდებთ, საქართველოს საელჩოებთან ერთად, კვლავაც აქტიურად ჩაერთოთ ჩვენი ქვეყნის პოზიტიური იმიჯის განმტკიცებისა და მისი შესაძლებლობების წარმოჩენის პროცესში.

ჩვენ ერთად უნდა გადავლახოთ არა მხოლოდ პანდემიით გამოწვეული სირთულეები და დიასპორის წინაშე არსებული გამოწვევები, არამედ ერთად დგომით უნდა გავძლიერდეთ და უზრუნველვყოთ ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავალი!“