პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

დღეს, თანამემამულეები სამშობლოში სკანდინავიის ქვეყნებიდან დაბრუნდებიან


28.04.2020

საქართველოს ხელისუფლება განაგრძობს უცხოეთში მყოფი მოქალაქეების სამშობლოში ეტაპობრივი და ორგანიზებული დაბრუნების პროცესს. დღეს, 28 აპრილს, დანიის სამეფოდან კოპენჰაგენი-თბილისის მიმართულებით რეისს შეასრულებს ავიაკომპანია “Georgian Airways”,  რომელიც დანიასა და სკანდინავიის სხვა ქვეყნებში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს სამშობლოში დააბრუნებს.

აღნიშნული რეისი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ერთობლივი ძალისხმევით განხორციელდება.

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ჩართულობით და საკრუინგო კომპანია "Elvictor Crew Management Service"-ის ორგანიზებით, ქართველი მეზღვაურები "Georgian Airways”-ის სპეციალური რეისით საქართველოდან კოპენჰაგენში გაემგზავრებიან. ამავე რეისით, საქართველოს მთავრობისა და საკრუინგო კომპანიის შეთანხმების საფუძველზე, დანიასა და სკანდინავიის სხვა ქვეყნებში მყოფი საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში დაბრუნდებიან.

შეგახსენებთ, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიები განაგრძობენ დადგენილი კრიტერიუმებით უცხოეთში მყოფი თანამოქალაქეების დახმარებას. თანამემამულეების სამშობლოში ეტაპობრივი დაბრუნების ეფექტიანი ორგანიზებისა და მათი ადგილზე დახმარების მიზნით, მოქალაქემ უნდა შეავსოს, ელექტრონული ფორმით, სპეციალური განაცხადი, რომელიც გამოქვეყნებულია სამინისტროს ვებ-გვერდსა და საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ვებ-გვერდებზე. აღნიშნულ განაცხადში მოცემული მონაცემების დამუშავების შემდგომ მიღებული იქნება შესაბამისი გადაწყვეტილება.

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ახლო მომავალში, დაგეგმილია შემდეგი ფრენების განხორციელება:

საკოორდინაციო საბჭოს დავალებით, ევროპიდან საქართველოს მიმართულებით რეისებს კომპანია „Georgian Airways“ ახორციელებს. საბჭოსვე მითითებით, ყველა ასეთ რეისზე ბილეთის ფასი შეადგენს 199 ევროს. აღნიშნული რეისები სრულდება  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წესის სრული დაცვით და ყველა მგზავრი, რომელიც ჩამოდის საქართველოში, გადის 14-დღიან სავალდებულო კარანტინს.

საზღვარგარეთ მყოფი ჩვენი თანამოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად უკვე შესრულდა რეისები ევროპის სხვადასხვა ქალაქებიდან და აშშ-დან, მათ შორის, ათენიდან, ამსტერდამიდან, ბარსელონადან, ბერლინიდან, ვარშავიდან, ვენიდან, თელ-ავივიდან, ლარნაკადან, ლონდონიდან, პარიზიდან, პეკინიდან, რომიდან და ა.შ., რომლებითაც სამშობლოში დაბრუნდნენ როგორც ამ ქალაქებში მყოფი თანამემამულეები, ასევე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში მყოფი ქართველები.

28 აპრილის მონაცემებით, საქართველოს დიპლომატიურმა წარმომადგენლობებმა ადგილზე დახმარება აღმოუჩინეს 16 302 მოქალაქეს, ხოლო სამშობლოში - მთავრობის ხელშეწყობით - ორგანიზებულად დაბრუნდა საქართველოს 8 372 მოქალაქე.