პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

დიასპორისთვის COVID-19-თან დაკავშირებულ საკითხებზე ონლაინ კონსულტაციები გაიმართა


06.05.2020

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით, საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულეებისთვის კორონავირუსთან დაკავშირებით ონლაინ კონსულტაციები გრძელდება.

ამ მიზნით 2020 წლის 1 და 4 მაისს, საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ “Facebook“ გვერდზე თბილისიდან განხორციელდა ექიმი პედიატრის, თემურ მიქელაძის და ფსიქოლოგის, პროფესორ თეა გოგოტიშვილის პირდაპირი ჩართვები. მათ ისაუბრეს კორონავირუსთან დაკავშირებულ საკითხებზე და უპასუხეს საზღვარგარეთ მყოფი ჩვენი თანამემამულეების შეკითხვებს.

საკოორდინაციო საბჭოს მითითებით და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალურ საკითხთა სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან თანამშრომლობით დღემდე გაიმართა 9 ონლაინ კონსულტაცია კორონავირუსთან დაკავშირებულ საკითხებზე.

შემდეგი ონლაინ კონსულტაცია განხორციელდება 2020 წლის 6 მაისს, თბილისის დროით 19:00 საათზე, საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ “Facebook“ გვერდზე - მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) წარმომადგენელი, მედიასთან ურთიერთობის ოფიცერი ანა კაკუშაძე პირდაპირ ეთერში ისაუბრებს ახალი კორონავირუსის СOVID 19-ის პანდემიის პირობებში მიგრაციის თვალსაზრისით არსებულ გამოწვევებზე და უპასუხებს უცხოეთში მყოფი ჩვენი თანამემამულეების შეკითხვებს.

https://mfa.gov.ge/Home.aspx