პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

დუბლინის ქართულმა ეკლესიამ წელს პირველად მიიღო მონაწილეობა ომებში დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილ ირლანდიის ყოველწლიურ სამთავრობო ღონისძიებაში


14.07.2020

2020წლის 12 ივლისს, დუბლინის წმ. მაქსიმე აღმსარებლის სახელობის ქართულმა მართლმადიდებლურმა ეკლესია, ირლანდიის ისტორიაში პირველად, მონაწილეობა მიიღო ომებში დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილ ყოველწლიურ სამთავრობო ღონისძიებაში. ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის ჩართულობა აღნიშნულ მნიშვნელოვან ღონისძიებაში შესაძლებელი გახდა ირლანდიაში საქართველოს საელჩოსა და დუბლინში მოქმედი ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის წინამძღვრის,მამა დავით ლონერგანის ერთობლივი ძალისხმევით.

ღონისძიებაზე მამა დავით ლონერგანი წარმოადგენდა ირლანდიაში მოქმედ ყველა მართლმადიდებლურ ეკლესიას. იგი ქართულ ენაზე მიესალმა საზოგადოებას და ირლანდიურ და ინგლისურ ენებზე წაიკითხა სახარებიდან შესაბამისი თავი.

ღონისძიებას ესწრებოდნენ ირლანდიის პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, ირლანდიის მთავრობის, პარლამენტისა და ასევე, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები. ღონისძიება პირდაპირი ეთერით გადაიცემოდა ირლანდიის მთავარი ტელევიზიის მიერ.

აღსანიშნავია, რომ დუბლინში მოქმედი ქართული მართლმადიდებლური ეკლესია და მამა დავით ლონერგანი უკვე 16 წელია აერთიანებს ირლანდიაში მყოფ ჩვენს თანამემამულეებს. ამასთან, უშუალოდ მისი ხელშეწყობით ფუნქციონირებს ქართული საკვირაო სკოლა „ლამპარი“ რომელიც ირლანდიაში გახლავთ ქართული ენისა და კულტურის მნიშვნელოვანი კერა.