პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ელჩი ნიკოლოზ რევაზიშვილი კატარის უნივერსიტეტის ქართველ სტუდენტებს შეხვდა


19.10.2022

2022 წლის 15 ოქტომბერს, კატარის სახელმწიფოში საქართველოს საელჩოში გაიმართა შეხვედრა კატარის უნივერსიტეტის არაბული ენის შემსწავლელ პროგრამაზე მყოფ ქართველ სტუდენტებთან.  

შეხვედრაზე კატარის სახელმწიფოში საქართველოს ელჩმა ნიკოლოზ რევაზიშვილმა და ქართველმა სტუდენტებმა ისაუბრეს საქართველო-კატარის ორმხრივ ურთიერთობებზე, განათლების სფეროში ორ ქვეყანას შორის არსებულ თანამშრომლობაზე, ქართველი სტუდენტებისთვის კატარის ცალკეულ უნივერსიტეტების სასწავლო პროგრამებზე დაფინანსების და კატარში მყოფი ქართველი სტუდენტების სხვადასხვა პროექტში ჩართვის შესაძლებლობებზე.

ელჩმა მადლობა გადაუხადა ქართველ სტუდენტებს კატარის ისლამური ხელოვნების მუზეუმის მიერ ორგანიზებულ პროექტში - ფრანგი მწერლის ანტუან დე სენტ-ეგზიუპერის წიგნის „პატარა უფლისწულის“ წაკითხვაში მონაწილეობის მიღებისთვის. ხსენებული პროექტი ითვალისწინებდა კატარში მცხოვრები 56 სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლის მიერ ხსენებული ნაწარმოების მშობლიურ ენაზე წაკითხვას და გინესის რეკორდის დამყარებას. 

პროექტის ფარგლებში, კატარში საქართველოს საელჩოს ინიცირებით და ხელშეწყობით, 2022 წლის 12 ოქტომბერს, კატარის ისლამური ხელოვნების მუზეუმში ქართველმა სტუდენტებმა ქართულ ენაზე წაიკითხეს აღნიშნული ნაწარმოები და ჟიურის წევრების რანგში მიიღეს მონაწილეობა გინესის რეკორდის მოხსნის ღონისძიებაში.