პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ელჩმა არჩილ კალანდიამ ქალაქ ხარპინში გასული საუკუნის დასაწყისში მცხოვრები ქართული დიასპორის საფლავები მოინახულა


02.03.2023

ჩინეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, არჩილ კალანდია სამუშაო მივლინებით იმყოფება ჩრდილოეთ ჩინეთის ქ. ხარპინში.

2023 წლის 21 თებერვალს, დიპლომატიური მისიის ხელმძღანელმა, საელჩოს თანამშრომლებთან ერთად, მოინახულა ქ. ხარპინში გასული საუკუნის დასაწყისში მცხოვრები, ქართული დიასპორის ხელმძღვანელის, ივლიანე ხაინდრავასა და სხვა თანამემამულეების საფლავები.

1904 წელს ხარპინში დაარსდა ქართული დიასპორა. იმავე პერიოდში იქმნება ქართული ბიბლიოთეკა. XX საუკუნის პირველ ნახევარში, ხარპინში მცხოვრები ქართველები, რომელთა რაოდენობაც სხვადასხვა ისტორიული წყაროების მიხედვით, რამდენიმე ასეულიდან სამი ათასამდე ადამიანს შეადგენდა, აქტიურად მონაწილეობდნენ ქალაქის ეკონომიკურ და სამეწარმეო საქმიანობაში, ასევე ადგილობრივ პოლიტიკურ პროცესებში.

ნიშანდობლივია, რომ ისინი კომუნიკაციაში იყვნენ საქართველოს პირველ დემოკრატიულ რესპუბლიკასთანაც.

იმავე დღეს ელჩმა გამართა შეხვედრა ქ. ხარპინის სახელმწიფო არქივის დირექტორთან. შეხვედრის დროს ეთხოვა ჩინურ მხარეს, ხარპინში ქართული დიაპორის წარმომადგენლების ვინაობისა და საქმიანობის შესახებ ინფორმაციის მოძიებაში დახმარება.

ქალაქის სახელმწიფო არქივმა გამოხატა მზადყოფნა თანამშრომლობისთვის. მხარეები შეთანხმდნენ, კოორდინირებული მუშაობის გაგრძელებაზე.