პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ესპანეთში მცხოვრები ქართველი ბავშვებისთვის ნახატების გამოფენა-კონკურსი მოეწყო


04.06.2020

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, ესპანეთის სამეფოში საქართველოს საელჩომ, მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ხელშეწყობით, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, საელჩოს ინიციატივით გამოცხადებული ბავშვთა ნახატების გამოფენა-კონკურსის გამარჯვებულები და მონაწილეები დააჯილდოვა.კონკურსში მონაწილეობას იღებდნენ ქართველი ბავშვები ალიკანტედან, არნედოდან, ბარსელონიდან, ბილბაოდან, ბურგოსიდან, ვალენსიიდან, ვიტორიიდან, მადრიდიდან, მალაგიდან და ესპანეთის სხვა ქალაქებიდან, რომელთაც გადაეცათ გამოფენაში მონაწილეობის დამადასტურებელი სერთიფიკატები, ხოლო გამარჯვებულებს კი  - სამახსოვრო საჩუქრები.

ონლაინ გამოფენაზე წარმოდგენილი 109 ნამუშევრიდან, მიღებული ხმების რაოდენობით, გამოვლინდნენ შემდეგი გამარჯვებულნი:

I ადგილი ხვდა წილად 9 წლის ანასტასია ჩაჩხიანს ბარსელონიდან;

II ადგილი დაიკავა 7 წლის სანდრო გრიგოლიამ ასევე ბარსელონიდან;

III ადგილი კი დაიკავა 8 წლის ბარბარე რურუამ ბურგოსიდან.

აგრეთვე, განსაკუთრებული სიმპატიის ნომინაციით დაჯილდოვდა მადრიდის, ალკობენდას საკვირაო სკოლის მოწაფე, 8 წლის ლუკა ავალიშვილი.

დაჯილდოების ღონისძიებაზე, კონკურსში საინტერესო ნამუშევრების მიწოდებისა და ბავშვების აქტიური მონაწილეობის ხელშეწყობისათვის, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ილია გიორგაძემ განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა ესპანეთში მოღვაწე ქართული ეკლესიების წინამძღვრებს, დიასპორულ ორგანიზაციებსა და საკვირაო სკოლებს; კერძოდ: ბარსელონას „წმინდა ნინოს“ სახელობის სამრევლოსთან არსებულ „წმინდა ანთიმოზ ივერიელის“ სახელობის საკვირაო სკოლას, მადრიდისა და ალკობენდას საკვირაო სკოლებს, „საქართველოს რესპუბლიკა და ემიგრანტების“ ასოციაციასთან არსებულ ალიკანტეს საკვირაო სკოლას, კულტურულ, სოციალურ და შემოქმედებით ასოციაციას - „საქართველო ბურგოსში“, ვიტორიისა და არნედოს საკვირაო სკოლებს, ასევე, არნედოს ასოციაციას - „საქართველოს შვილები რიოხაში“.

აღსანიშნავია, რომ საზღვარგარეთ ქართული კულტურის უკეთ წარმოჩენის მიზნით, საქართველოს საელჩო, ესპანეთში მოქმედ ქართულ სათვისტომოებთან და დიასპორულ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით, სამომავლოდ, კვლავ გეგმავს განახორციელოს სხვა პროექტები.