პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ფრანკფურტში საქართველოს გენერალური კონსული ქართულ დიასპორას შეხვდა 


08.11.2019

ქ. მაინის ფრანკფურტში საქართველოს გენერალურმა კონსულმა, ლევან დიასამიძემ და საქართველოს კონსულმა, თამთა კინწურაშვილმა ქალაქ კიოლნში შეხვედრა გამართეს გერმანიაში მოღვაწე ქართული დიასპორული ორგანიზაციების, საკვირაო სკოლებისა და სტუდენტური გაერთიანებების წარმომადგენლებთან.

შეხვედრას ესწრებოდნენ გერმანიის სხვადასხვა ფედერალური მიწიდან და ქალაქიდან ჩასული ქართული დიასპორის წარმომადგენლები.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საქმიანობაში დიასპორის საკითხების პრიორიტეტულობაზე და განხილულ იქნა არსებული სტრატეგიის ფარგლებში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები. მათ შორის, ხაზი გაესვა საგარეო უწყების „საკვირაო სკოლების მხარდაჭერის პროგრამის“ მნიშვნელობას გერმანიაში არსებული ქართული საკვირაო სკოლების საქმიანობისთვის, „დიასპორული ინიციატივების ხელშეწყობისა“ და „საქართველოს ახალგაზრდა ელჩების“ მიმდინარე საგრანტო კონკურსებს, ასევე, აღინიშნა დიასპორული ვებ-პორტალის შექმნის საკითხი სამომავლოდ კომუნიკაციის გაუმჯობესების მიზნით საქართველოს სახელმწიფოსა და ქართული დიასპორას შორის.

შეხვედრაზე გადაწყდა გერმანიაში მოქმედ დიასპორულ ორგანიზაციებს შორის კოორდინაციის გაუმჯობესებისთვის სათათბირო საბჭოს შექმნა. ამასთან, თანამემამულეების ინტერესებისა და საჭიროებების გათვალისწინებით, დაწესდა წელიწადში ორჯერ ქართული დიასპორის საზეიმო შეკრების ტრადიცია, რომელიც მონაცვლეობით გაიმართება გერმანიის სხვადასხვა ქალაქში.