პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

„გერმანიის ქართული სათვისტომო“ საქართველოში სოციალურად დაუცველ 21 ოჯახს დაეხმარა


19.01.2020

 „გერმანიის ქართული სათვისტომოს“ ინფორმაციით, წინასაახალწლო პერიოდში, სათვისტომოს საქველმოქმედო ფონდის ფარგლებში, სხვადასხვა სახის დახმარება გაეწია საქართველოში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ 21 ოჯახს. მათ შორის, რამდენიმე ოჯახს ასევე გადაეცა ფულადი დახმარება. 2019 წელს კი, ასევე აღნიშნული ფონდის საშუალებით, სათვისტომო 18 ავადმყოფ და სოციალურად დაუცველ თანამემამულეს დაეხმარა, ხოლო მიუსაფარ ბავშვთა სახლებსა და სოციალურად დაუცველი ახალგაზრდების ცენტრს გაეგზავნათ სათამაშოები და თბილი ტანსაცმელი.

აღსანიშნავია, რომ საქველმოქმედო საქმიანობასთან ერთად, „გერმანიის ქართული სათვისტომო“ ასევე ახორციელებს არაერთ მნიშვნელოვან პროექტს, მათ შორის, წარმატებული სტუდენტების ყოველწლიურ დაჯილდოება, პროფესიული განათლების მხარდაჭერა საქართველოში, ასევე პროექტს „ცოდნის ფორუმი“, რომლის ფარგლებში იმართება საჯარო დისკუსიები ქართველ საზოგადო მოღვაწეებთან.

„გერმანიის ქართული სათვისტომო / Georgischer Veren in Deurschland“ გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ყველაზე ძველი და ერთ-ერთი დიდი ქართული დიასპორული ორგანიზაციაა. მიუნხენის გარდა, მას აქვს ფილიალები შტუტგარტში, ლაიფციგში, ფრაიბურგსა და ბერლინში. სათვისტომოს ბაზაზე გახსნილია ქართული საკვირაო სკოლა, ბიბლიოთეკა, ასევე ფუნქციონირებს ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის ანსამბლები.

„გერმანიის ქართული სათვისტომოს“ ხელმძღვანელია მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი ლერი დათაშვილი. სათვისტომო 1945 წელს დაარსდა.