გრაცში ქართული დიასპორული ორგანიზაცია და საკვირაო სკოლა დაარსდა


01.06.2019 - ა.წ. 1 ივნისს, ავსტრიის რესპუბლიკაში, ქ. გრაცში მცხოვრები თანამემამულის ზვიად ხურციძის ინიციატივით, ქართული დიასპორული ორგანიზაცია „შტირიის მხარეში ქართული კულტურისა და ისტორიის კავშირი“ და საკვირაო სკოლა დაარსდა.

დიასპორული ორგანიზაციისა და საკვირაო სკოლის დამფუძნებელი, ბიზნესმენი ზვიად ხურციძე მრავალი წელია საქმიანობს ქ. გრაცში და იგი გახლავთ ავსტრიის ქართული დიასპორის აქტიური წარმომადგენელი. აღსანიშნავია, რომ მისი ინიციატივითა და თაოსნობით არაერთი ღონისძიება გაიმართა, რომელიც ემსახურება საქართველოს ტურისტული პოტენციალის, ქართული კულტურის, ღვინისა და კულინარიული ტრადიციების პოპულარიზაციას საზღვარგარეთ.

დიასპორული ორგანიზაციის დაარსებისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დავით დონდუა და მან ზვიად ხურციძეს, ავსტრიაში საქართველოს პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი წვლილისთვის, მადლობის სიგელი გადასცა. სიტყვით გამოსვლისას საქართველოს ელჩმა ასევე ხაზი გაუსვა, ქართული სახელმწიფოს განვითარების პროცესში დიასპორის ჩართულობის მნიშვნელობას, საგარეო საქმეთა სამინისტროს საქმიანობაში დიასპორის საკითხების პრიორიტეტულობას და ისაუბრა უწყების იმ ინიციატივებზე, რომელიც მიმართულია ქართული დიასპორის გასაძლიერებლად და უცხოეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეების სამშობლოსთან მჭიდრო კავშირის უზრუნველსაყოფად.

რაც შეეხება გრაცში დაარსებულ ქართულ საკვირაო სკოლას, მას რუსუდან ზაზაშვილი უხელმძღვანელებს. ელჩმა რუსუდან ზაზაშვილს საზღვარგარეთ მოქმედი ქართული საკვირაო სკოლებისთვის სპეციალურად შექმნილი სახელმძღვანელოები გადასცა. აღნიშნული ქართული ენის შემსწავლელი სახელმძღვანელოები საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიციატივით მომზადდა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან თანამშრომლობით. 

ღონისძიების ფარგლებში, გრაცის საკვირაო სკოლის მოსწავლეებმა ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი საზეიმო კონცერტი გამართეს, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ქ. ვენაში მოღვაწე ქართველი ხელოვანის, თეონა მოსიას საბავშვო სამუსიკო სტუდიის „რიმტირი ჯაზის“ აღსაზრდელებმა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ გრაცის მუნიციპალიტეტისა და კულტურის სფეროს წარმომადგენლები, ადგილობრივი ქართული დიასპორის წევრები და სხვა სტუმრები.