პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ილია დარჩიაშვილი დიასპორის დღესთან დაკავშირებით


28.05.2022

საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი დიასპორის დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებებს აჯამებს:

“საინტერესო და თბილი საღამო ჩვენს დიასპორელებთან! 

მოკრძალებულ გარემოში აღვნიშნეთ ქართული დიასპორის დღე და დიასპორული ფორუმის დასასრული! 

იმედი მაქვს - დღევანდელი კონფერენცია და თემატური დისკუსიები საინტერესო და ნაყოფიერი იყო, რაც - დარწმუნებული ვარ - ახლო მომავალში სასურველ, ხელშესახებ შედეგებს მოგვიტანს. დღევანდელი ღონისძიება მართლაც უპრეცედენტოდ მაღალი წარმომადგენლობით გამოირჩეოდა. 

პანდემიის გამო შექმნილი სირთულეებისა და რეგულაციების შემდეგ, წელს, პირველად შევხვდით ერთმანეთს ასე უშუალოდ, ყოველგვარი ბარიერების გარეშე, რაც დიდ იმედებს გვისახავს ჩვენი თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებაზე.

საგარეო საქმეთა მინისტრის რანგში მეც პირველად მომეცა შესაძლებლობა ვუმასპინძლო ქართული დიასპორის ფორუმის მონაწილეებს ჩვენს დედაქალაქში. 

დიასპორული თემატიკა ჩემთვის უცხო არ გახლავთ, რამდენადაც ჩემი დიპლომატიური მისიის ფარგლებში, პოლონეთში შესაძლებლობა მქონდა ურთიერთობა მქონოდა ათასობით ჩემს თანამემამულესთან, გულანთებულ და პატრიოტ ადამიანთან. 

თითოეული ჩვენი თანამემამულის ბედი საქართველოს მთავრობას, ჩემს უწყებას და პირადად მე გულთან ახლოს მიგვაქვს, ვაფასებთ თქვენს ღვაწლს - გაწეულს თქვენი ადგილმდებარეობის ქვეყნების სასიკეთოდ, თქვენს ნიჭსა და პოტენციალს და რაც მთავარია, სურვილს - ემსახუროთ თქვენს ქვეყანას, განსაკუთრებით ამ საპასუხისმგებლო ეტაპზე, როდესაც იგი ისტორიულ ნაბიჯებს დგამს ევროკავშირთან ინტეგრირების გზაზე. 

იმედს გამოვთქვამ, რომ ჩვენი დღევანდელი შეკრება კიდევ უფრო მეტ იმპულსს მიანიჭებს ჩვენი თანამემამულეებისა და სახელმწიფოს ერთიანობას და ერთიანი ძალით მივაღწევთ ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობას, ჩვენს სანუკვარ ოცნებას, დემოკრატიული, თავისუფალი სამყაროს წევრობაზე.

კიდევ ერთხელ გილოცავთ ქართული დიასპორის დღეს!” - ილია დარჩიაშვილი.