პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ირლანდიაში საქართველოს საელჩო თანამემამულეებს 26 მაისს და დიასპორის დღეს ულოცავს


28.05.2020

ირლანდიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გიორგი ზურაბაშვილი და საელჩოს გუნდი დიასპორის წარმომადგენლებს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს  - 26 მაისს და ქართული დიასპორის დღეს - 27 მაისს ულოცავენ.

„გულითადად გილოცავთ ქართული დიასპორის დღეს! თქვენ ხართ ჩვენი ქვეყნის დიდი ძალა და რესურსი! ჩვენი ერთობით დიდი წვლილი შეგვაქვს საქართველოს წინსვლასა და ქართული სახელმწიფოს აღმშენებლობაში. მადლობას გიხდით თითოეულ თქვენგანს პანდემიით გამოწვეულ ურთულეს ვითარებაში ერთად დგომისთვის და ურთიერთმხარდაჭერისთვის. ჩვენ კვლავ ერთად გავაგრძელებთ საქართველოს და ქართული კულტურის წარმოჩენას ირლანდიაში!“, - აღნიშნულია ქართული დიასპორის დღესთან დაკავშირებით საელჩოს მიერ გავრცელებულ მიმართვაში.

ეროვნულ დღესასწაულთან დაკავშირებით გავრცელებულ მიმართვაში კი ელჩი გიორგი ზურაბაშვილი მადლობას უხდის თანამემამულეებს ირლანდიაში საქართველოს ღირსეულად წარმოჩენისთვის და აღნიშნავს, რომ მსოფლიო პანდემიის ურთულეს პირობებში ირლანდიაში მცხოვრები ქართული დიასპორის წევრების ურთიერთმხარდაჭერა სამაგალითოა.

"საქართველოს საელჩო ირლანდიაში გილოცავთ 26 მაისს, საქართველოს ისტორიის უმნიშვნელოვანეს თარიღს - საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს! ევროპული ღირებულებებისადმი ერთგული საქართველო აგრძელებს წინსვლას და უკეთესი მომავლის შექმნას. საქართველოს ხვალინდელი დღე, მისი გამთლიანება და გაძლიერება თითოეული ჩვენგანის საზრუნავია.

საქართველოს წარმატებაში უდიდესი წვლილი მიგიძღვით თქვენ, საზღვარგარეთ მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებს, რომლებიც მუდმივად ზრუნავთ ჩვენი ქვეყნის ღირსეულად წარმოჩენისთვის. სამაგალითოა თქვენი, ირლანდიაში მცხოვრები ქართული დიასპორის წევრების ურთიერთმხარდაჭერა და გვერდში დგომა მსოფლიო პანდემიის ურთულეს პირობებში!

ჩვენ ერთად გავუმკლავდებით ყველა გამოწვევას და ერთად ავაშენებთ ძლიერ, ერთიან და დამოუკიდებელ საქართველოს!“ - აღნიშნავს ელჩი გიორგი ზურაბაშვილი 26 მაისთან დაკავშირებით გავრცელებულ მილოცვაში.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ირლანდიაში საქართველოს საელჩოსა და დუბლინის მერიის ორგანიზებით, დუბლინის ცენტრში საქართველოს სახელმწიფო დროშები გამოიფინა. ქართული დროშები ირლანდიის დედაქალაქში 22 მაისიდან 29 მაისის ჩათვლით იქნება აღმართული.