პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ირლანდიაში საქართველოს საელჩოში აგვისტოს ომის თემატიკაზე ახალგაზრდებისთვის სემინარი მოეწყო


08.08.2020

ირლანდიაში საქართველოს საელჩოსა და საქართველოს ახალგაზრდა ელჩის ნანუკა ოდიკაძის თანაორგანიზებით, 2020 წლის 7 აგვისტოს, საელჩოში ჩატარდა ლექცია-სემინარი თემაზე „2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი და გამოწვევები 12 წლის შემდეგ“, რომელსაც ესწრებოდნენ ირლანდიაში მცხოვრები ქართველი სტუდენტები და ახალგაზრდები.

ღონისძიების ფარგლებში, ირლანდიაში საქართველოს ელჩმა გიორგი ზურაბაშვილმა ახალგაზრდებს წარუდგინა პრეზენტაცია, რომელიც ეხებოდა 2008 წლის ომისა და შემდგომ პერიოდში არსებულ ურთულეს გამოწვევებს. ელჩმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საოკუპაციო ხაზთან და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ უმძიმეს ვითარებაზე, ისაუბრა კონფლიქტის მოგვარების სამშვიდობო პოლიტიკაზე და საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან მხარდაჭერის მნიშვნელობაზე.

ლექციის დასასრულს, რუსეთ-საქართველოს ომთან დაკავშირებული საკითხები განხილულ იქნა კითხვა-პასუხის რეჟიმში. ახალგაზრდებმა დიდი ინტერესით მოისმინეს კონფლიქტის მათთვის უცნობი დეტალები.

საქართველოს ახალგაზრდა ელჩმა ნანუკა ოდიკაძემ კი სტუდენტებს გაუზიარა თავისი სამომავლო გეგმები, მათ შორის, სხვადასხვა ღონისძიების ჩატარების თაობაზე, ირლანდიაში მყოფი ქართველი ახალგაზრდების აქტიური ჩართულობით. ახალგაზრდა ელჩმა სემინარის მონაწილეებს სომბოლურად გადასცა მაისურები საქართველოს რუქის გამოსახულებით. ​