პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

იურმალაში საქართველოსადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნა


15.12.2023

2023 წლის 13 დეკემბერს, იურმალის ხელოვნების სკოლაში (Jūrmalas Mākslas skola) გაიხსნა მოსწავლეების მიერ მომზადებული, საქართველოსადმი მიძღვნილი გამოფენა ,,Sajūti Gruziju’’ (,,იგრძენი საქართველო’’).

გამოფენის გახსნას დაესწრნენ ლატვიაში საქართველოს ელჩი, ირაკლი ყურაშვილი, ქ. იურმალის მერი, რიტა სპროგე და ლატვიის პარლამენტში საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარე, აივა ვიქსნა.

დამსწრე საზოგადოებას მიესალმნენ საქართველოს ელჩი, ირაკლი ყურაშვილი, ქ. იურმალის მერი, რიტა სპროგე და ხელოვნების სკოლის დირექტორი, ვიესტურს რეინისი. გამომსვლელებმა მადლობა გადაუხადეს ლატვიელ მოზარდებს და მათ პედაგოგებს. აღნიშნეს, რომ ასეთი გამოფენა ნათელი მაგალითია, თუ როგორი განსაკუთრებული ურთიერთობები აკავშირებს ორ ხალხსა და ქვეყანას.

9-15 წლის ასაკის მოსწავლეები თვეების მანძილზე მუშაობდნენ პროექტზე, რომლის განხორციელება შესაძლებელი გახდა ლატვიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოსა და იურმალის მუნიციპალიტეტის თანამშრომლობის შედეგად. პროექტის განხორციელებაში მონაწილეობა მიიღო ლატვიაში მოღვაწე ქართველმა სკულპტორმა, გოჩა ხუსკივაძემ.

ლატვიელი ბავშვების მიერ დანახული სამყარო ასახავს საქართველოს კულტურას, ხელოვნებას, ქართულ სამზარეულოს, ფოლკლორსა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში არსებულ ტრადიციებს.

გამოფენის ,,Sajūti Gruziju’’ (,,იგრძენი საქართველო’’) დათვალიერება დაინტერესებულ პირებს 2024 წლის 11 თებერვლამდე შეეძლებათ.