პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ქალაქ ბერნში “ქართული ღვინის ფორუმი” გაიმართა


02.11.2021

29-30 ოქტომბერს,  შვეიცარიის კონფედერაციაში საქართველოს საელჩოს ინიციატივით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორული ინიციატივების მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, ბერნის მერიის ხელშეწყობით, საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტოს, ქართული ღვინის კომპანიების, საქართველოს  ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის და კომპანია GeoHaus თანაორგანიზებით, ქ. ბერნში, გაიმარტა "ქართული ღვინის ფორუმი". 

“ქართული ღვინის ფორუმი” ბერნში გამართული “FERNWEH” ფესტივალის ფარგლებში გაიმართა. შვეიცარიაში მსგავსი მასშტაბის ღონისძიება პირველად გაიმართა, რომელიც ქართული ღვინის ცნობადობასა და ექსტორტის გაზრდის ხელშეწყობისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია.

ღვინის ფორუმს, ბერნის მერი ალეკ ფონ გრაფენრიდი (Alec von Graffenried) დაესწრო და ქართული მეღვინეობის ისტორიასა და ქართული ღვინის კომპანიების მიერ წარმოდგენილ ღვინოებს გაეცნო:

„ბერნში მიმდინარე ფესტივალი „FERNWEH” უცხო ქვეყნების კულტურის ადგილობრივებისთვის გაცნობას გულისხმობს. დღეს გავეცანი საქართველოს, რომელსაც აქვს ქვევრში ღვინის წარმოების 8 ათასწლიანი ტრადიცია და ისტორია, ასევე, სხვადასხვა რეგიონიდან წარმოდგენილ ღვინოებს, რომელთაც აქამდე არ ვიცნობდი. მოხარული ვარ, რომ დავესწარი ამ ფორუმს. წარმატებებს ვუსურვებ ქართულ ღვინოს შვეიცარიაში“, - აღნიშნა მერმა.

ქ.ბერნში, ღვინის პროფესიონალებსა და დაინტერესებულ პირებს, ორი დღის განმავლობაში, შესაძლებლობა ჰქონდათ გასცნობოდნენ ქართული კომპანიების მიერ წარმოდგენილ სხვადასხვა დასახელების ღვინოს.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ფორუმში მონაწილებდნენ შემდეგი კომპანიები: Marani • მარანი, Château Mukhrani • შატო მუხრანი, Teliani Valley • თელიანი ველი, Shilda Winery •  მეღვინეობა შილდა, GWS Winery • მეღვინეობა ჯივიესი, Tsinandali Estate - წინანდლის მამული, LTD Koncho & CO, Naberauli • ნაბერაული და "ნიკოლაიშვილების ღვინის მარანი".

ფორუმის ფარგლებში სამეცნიერო-დოკუმენტური ფილმის „საქართველო ღვინის სამშობლო“ ჩვენება გაიმართა.