პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ქართული რთველი ლევილის მამულში


13.10.2019

ამა წლის 13 ოქტომბერს, ლევილის ქართველთა მამულში, ასოციაცია „თამარიონის“ ორგანიზებით, ადგილობრივი ქართული დიასპორის წარმომადგენლებისთვის მოეწყო ქართული რთველისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება.

ქართული რთველის დღე ლევილის ქართულ მიწაზე აღინიშნა როგორც „დღე ყურძნის ზეიმის, ჰიმნი მიწის სიუხვისა და შრომისმოყვარე ხალხის კეთილდღეობისადმი“. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო მრავალფეროვანი საკონცერტო და გასართობი სახის პროგრამა, ეროვნული სამზარეულო და სადღესასწაულო ფოტო-ზონები.

დამსწრე საზოგადოების წინაშე ქართული ცეკვებითა და სიმღერებით წარსდგნენ წმ. თამარ მეფის სახელობის ტაძრის გუნდის - „თამარიონის“ მოცეკვავეები და ქართული საკვირაო სკოლის აღსაზრდელები. საღამოში ასევე მონაწილეობა მიიღო საფრანგეთში მოღვაწე ქართველმა მომღერალმა ელგა ფორჩხიძემ.

ღონისძიების ფარგლებში მოეწყო ქართული წიგნების პრეზენტაცია და ქართული ნაწარმის გამოფენა-გაყიდვა.

ქართული რთველისადმი მიძღვნილ დღესასწაულზე თანამემამულეები ეზიარნენ ქართულ კულტურასა და ტრადიციებს. მათ საშუალება ჰქონდათ უშუალოდ მიეღოთ მონაწილეობა ყურძნის დაწურვასა და ტრადიციული ნუგბარის - ჩურჩხელის მომზადებაში.

აღსანიშნავია, რომ ქართული რთველის დღეს ასოციაცია „თამარიონი“, პარიზის წმ. თამარ მეფის სახელობის ტაძრის წინამძღვრის, არქიმანდრიტ ანტონ კანდელაკის ხელმძღვანელობით, ყოველწლიურად მართავს.

ქართული ასოციაცია „თამარიონი“ საფრანგეთში მცხოვრებ ქართველებში ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნებისა და ქართული კულტურის პოპულარიზაციის მიზნით, აქტიურად ეწევა კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობას 2009 წლიდან. ორგანიზაციასთან ასევე ფუნქციონირებს ქართული საკვირაო სკოლა, მომღერალთა გუნდი „თამარიონი“ და ბავშვთა ქორეოგრაფიული ანსამბლი, რომლებიც ინტენსიურად მართავენ კონცერტებს საფრანგეთის რესპუბლიკის მასშტაბით.