პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

კორონავირუსის აქტიური გავრცელების არეალში მდებარე საქართველოს მისიები, დამატებით, ცხელი ხაზის ახალ ნომრებს გახსნიან 


05.03.2020

საგარეო საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებით, საზღვარგარეთ საქართველოს ყველა დიპლომატიური მისია და საკონსულო დაწესებულება, რომელიც კორონავირუსის აქტიური გავრცელების ზონაში მდებარეობს, დამატებით, ცხელი ხაზის ახალ ნომრებს გახსნის და საგანგებო რეჟიმში განაგრძობს მუშაობას.

იტალიაში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების მატებისა და საქართველოს მოქალაქეების მიმართვიანობის მატებასთან დაკავშირებით, იტალიაში საქართველოს საელჩოს საკონსულო სამსახურში უკვე ამოქმედდა ცხელი ხაზის დამატებითი ნომრები: (+39 33) 3887-91-23; (+39 35) 0131-21-31; (+39 35) 0148-31-14. საქართველოს საელჩო მუდმივ კომუნიკაციაში რჩება იტალიაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებთან და მნიშვნელოვანია, რომ ისინი დაემორჩილონ ადგილობრივი ხელისუფლების მითითებებსა და რეკომენდაციებს.

ვრცელი ინფორმაცია კორონავირუსთან ბრძოლისა და რეკომენდაციების შესახებ, შეგიძლიათ იხილოთ საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ გვერდზე: https://stopcov.ge/