პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ლოდის ქართულ საკვირაო სკოლაში სასწავლო წელი განახლებულ შენობაში დაიწყო 


25.10.2019

ისრაელში, ქ. ლოდში, დიასპორულ ორგანიზაცია „მამულთან“ არსებულ ქართულ საკვირაო სკოლაში ახალი სასწავლო წელი განახლებულ შენობაში დაიწყო. 2019-2020 სასწავლო წელს სკოლას ისრაელის სხვადასხვა ქალაქებიდან კიდევ ათამდე ახალი მოსწავლე შეემატა.

ლოდის ქართულ საკვირაო სკოლაში სარემონტო სამუშაოები სამშენებლო კომპანია „არქი ჯგუფის“ მხარდაჭერით განხორციელდა სოციალური პასუხისმგებლობის კამპანიის ფარგლებში.

ახალი სასწავლო წლის დაწყება საკვირაო სკოლის აღსაზრდელებს, სკოლის ადმინისტრაციასთან და მხარდამჭერებთან ერთად, ისრაელში საქართველოს კონსულმა დავით ჩაჩავამ და ქართული ხალხური სიმღერების ლეგენდარული ანსამბლ „რუსთავის“ ხელმძღვანელმა ანზორ ერქომაიშვილმა მიულოცეს.

საკვირაო სკოლაში ისრაელში მცხოვრებ ქართველ ემიგრანტთა და ქართველ ებრაელთა თემის ბავშვები ქართულ ენასა და ლიტერატურას, საქართველოს ისტორიას, კულტურასა და მუსიკას სწავლობენ. სკოლაში ასევე გახსნილია ქართული წიგნის კუთხე.

ლოდში ქართული საკვირაო სკოლა 2018 წელს დაარსდა დიასპორული ორგანიზაცია "მამულის" ინიციატივით და ისრაელში საქართველოს საელჩოსა და საქართველოს საპატრიარქოს ხელშეწყობით. საკვირაო სკოლა არჩილ ხუციშვილის ხელმძღვანელობით და ქართული სათვისტომოს მხარდაჭერით ფუნქციონირებს ორგანიზაცია - „მამულის“ / מאמולי ბაზაზე და იგი ქ. ლოდში, საქართველოს საპატრიარქოს კუთვნილ „ქართულ სახლშია“ განთავსებული.

აღსანიშნავია, რომ დიასპორული ორგანიზაციების - „მამულის“ / מאמולי (ხელმძღვანელი: ირაკლი კილაძე) და „ისრაელში ქართული ხელოვნების ცენტრის“ (ხელმძღვანელი: მარინა გელაშვილი) ორგანიზებით, ინტენსიურად იმართება სკოლის მხარდამჭერი ღონისძიებები, რომლის ფარგლებში შემოსული თანხა გადაეცემა სკოლას შემდგომი განვითარებისთვის.