პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ნიუ-იორკში „თბილისობის“ დღესასწაული აღინიშნა


06.10.2019

მიმდინარე წლის 6 ოქტომბერს, ქ. ნიუ-იორკში, ქართული კულტურის ცენტრის „ფესვების“ ინიციატივითა და ორგანიზებით, „თბილისობის“ დღესასწაული აღინიშნა.

„თბილისობის“ აღსანიშნავი მასშტაბური სახის ღონისძიება წელს ბრუკლინში კინგსბოროუ კოლეჯის ტერიტორიაზე გაიმართა. ღონისძიებას ესწრებოდნენ ქართული დიასპორის წარმომადგენლები, ნიუ-იორკში საქართველოს გენერალური კონსული დიანა ჟღენტი და ადგილობრივი მაცხოვრებლები.

ღონისძიების ფარგლებში, დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა ნიუ-იორკში საქართველოს გენერალურმა კონსულმა დიანა ჟღენტმა. ფესტივალზე წარმოდგენილი იყო ნაციონალური ცეკვები და ქართული მუსიკალური ნომრები ადგილობრივი ქართული კულტურის ცენტრებისა და ქორეოგრაფიული ანსამბლების მონაწილეობით. ასევე, „თბილისობის“ ზეიმში მონაწილეობის მისაღებად სპეციალურად ნიუ-იორკში სხვადასხვა შტატებიდან ჩავიდნენ ქართველი მომღერლები და მუსიკოს-შემსრულებლები.

ამასთან, ფესტივალის ფარგლებში, ქართული სპორტული სკოლებისა და დიასპორული ორგანიზაციების ჩართულობით მოეწყო სხვადასხვა სახის კულტურულ-შემეცნებითი და სპორტული აქტივობები ბავშვებისთვის. ქართული კომპანიების მონაწილეობით კი გაიმართა ქართველი მხატვრებისა და დიზაინერების ნამუშევრების, ქართული ტრადიციული სამოსისა და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა.

ნიუ-იორკში „თბილისობის“ ფესტივალი, რომლის მიზანი ქართული კულტურის პოპულარიზაცია და ძლიერი დიასპორის ხელშეწყობაა, უკვე მესამე წელია ტარდება ქართული კულტურის ცენტრის „ფესვების“ ინიციატივითა და აქტიური ძალისხმევით. ქართული კულტურის ცენტრის „ფესვების“ სამხატვრო ხელმძღვანელია ივანე გოდერძიშვილი, დამფუძნებელი და მთავარი ქორეოგრაფი შორენა ბარბაქაძე, მუსიკალური ხელმძღვანელი კი - ირაკლი ბეგლარაშვილი.