პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

“ოთარის სიკვდილის” პრემიერა ლიეტუვაში


02.04.2022

ლიეტუვის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული საერთაშორისო კინოფესტივალის „Kino pavasaris“-ის ფარგლებში, 28 მარტს, გაიმართა ქართულ-ლიეტუვურ-გერმანული ერთობლივი ნამუშევრის, რეჟისორ სოსო ბლიაძის ფილმის - „ოთარის სიკვდილი“ ლიეტუვური პრემიერა.

ფილმის ჩვენება შედგა ლიეტუვის შემოქმედებითი ჯგუფის "M-FILMS" ორგანიზებით და საქართველოს საელჩოს ხელშეწყობით.

ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით გახსენეს საქართველოს საქმეთა დროებით რწუნებულმა, ნატო კიპაროიძემ და ფილმის ლიეტუველმა პროდიუსერმა მარია რაზგუტემ. 

ღონისძიების გახსნით ნაწილში, სიტყვით გამომსვლელების მიერ დაფიქსირდა სოლიდარობა უკრაინის მიმართ. საქმეთა დროებით რწმუნებულმა აღნიშნა საქართველოს მხარდაჭერა და სოლიდარობა უკრაინის და უკრაინელი ხალხის მიმართ. აღინიშნა, რომ უკრაინელი ხალხის ბრძოლა თავისუფლებისთვის განსაკუთრებით ახლოს დგას ქართველი და ლიეტუველი ხალხისთვის, ვინაიდან, სწორედ თავისუფლებისთვის სწრაფვა და ერთიანი ღირებულებები უდევს საფუძვლად ქართულ - ლიეტუვურ მტკიცე კავშირს და  მეგობრობას. 

საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა დამსწრე საზოგადოებისადმი მიმართვისას ისაუბრა ქართული კინემატოგრაფიის მდიდარ ისტორიაზე, რომელიც ას წელზე მეტს ითვლის, ასევე თანამედროვე ქართული კინო-ინდუსტრიის მიღწევებზე. მან ხაზი გაუსვა კინემატოგრაფიის სფეროში ქართულ-ლიეტუვური წარმატებული თანამშრომლობის არაერთი მიღწევის როლს ორ ქვეყანასა და ხალხებს შორის არსებული მტკიცე ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებაში და იმედი გამოთქვა, რომ როგორც კინემატოგრაფიაში, ასევე სხვა სფეროებშიც, კიდევ უფრო მეტი წარმატებული ქართულ-ლიეტუვური პროექტი განხორციელდება. 

ნატო კიპაროიძემ მადლიერება გამოხატა ფილმი „ოთარის სიკვდილი“ შემქმნელების, კინოხელოვანების მიმართ, გაწეული ძალისხმევისათვის და ახალ ფილმს შემდგომი წარმატებები უსურვა.

მარია რაზგუტემ მისასალმებელ სიტყვაში განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა საქართველოს საელჩოს თანამშრომლობისა და პარტნიორობისთვის. ასევე ლიეტუვის კულტურის სამინისტროს და მის ეროვნულ კინოცენტრს მხარდაჭერისთვის. მან იმედი გამოთქვა, რომ კინემატოგრაფიის სფეროში, სამომავლოდაც გაგრძელდება წარმატებული თანამშრომლობა  საქართველოსთან.

ფილმის დაწყებამდე, აუდიტორიას,  ვიდეო-ჩართვით, ასევე მიმართა ფილმის რეჟისორმა, სოსო ბლიაძემ.  

1 აპრილიდან ფილმი გავა ქალაქების ვილნიუსის, კაუნასისა და პანევეჟისის კინოთეატრებში, ხოლო გაყიდული ბილეთებიდან შემოსული თანხის გარკვეული ნაწილი უკრაინაში ომით დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად გამოიყოფა.